Saturday, March 26, 2011

29/10/1998

და დღეს ცრმელები ამაოააა და საერთოდაც ამაოა სულ ყველაფერი.

ყველზე დიდი ფურუნკული თუ როდესმე გინახავს, ის ვარ ამჟამად მე და წარმოდგენის ნატამალი არ გამაჩნია, რა საშუალებით გავსკდე ... ბაახ! ოჰ, რამდენი გესლი, შხამი და სიბინძურეა ჩემში. ეყოფოდა მთელი პლანეტის მოწამვლას. როგორ მეცოდება საკუთარი თავი და როგორ მეზიზღება იგივე საწყალი თავი. რამდენი ხანია ბოღმა-ბაღლამად ვიღვრები და ამის თავი და თავი რა უსუსურ რამეშია , რომ იცოდე ... ოხ, ცხოვრებავ, შენი დედა ვატირე, რა მეგრული აჯიკასავით გამიმწარდი.
life, you are the hell, so I'm not afraid to be thrown there ...

და საერთოდაც მეზიზღება ყველა და ყველაფერი და მენატრება მთები: დიდები, ჩუმები, ბრაზიანები ... ახვალ, ააღწევ, შეგცივდება, ფილტვები გასკდომამდე დაგებერება ... ლურჯზე ულურჯესი ცა და ძალიან დიდი მზე, სითბო, სინათლე, სიყვარული ... უცებ და მოულოდნელად ჩამუქებული ირგვლივეთი, ხეებში გაჩხერილი ნისლები, სველი ბალახი და უხმაურესი გრუხუნი ... მთა და მთაზე შეფენილი ტყეები, ყელამდე ბალახი და სივრცე და თავისუფლება და სიუზარმაზარე ...

ამასობაში: არცთუ უცხო გრძნობა დაგლეჯილი ნერვების, ყელში გაჭედილი სიმწარის და აწითლებული თვალების. ცხოვრება მთელი ძალღონით მიისწრაფვის 2000 წლისკენ და შემდეგ ...მაგრამ მერე? როგორ? რითი? რანაირად? მხოლოდ საკუთარი თავის ანაბარა და საოცარი თავდაუჯერებლობა იმავე საკუთარ თავში. ტვინში ფუთფუთებს ათასი და ათი ათასი დიდი და პატარა და საშუალო პრობლემა.

... წავიდოდი სადმე შორს, მთების ძირს და გადავთარმნიდი მოემს. Life has no meaning-ო და მოემი სულაც არ იყო უტვინო. ,,Of Human Bondage"
...

სვეტიცხოვლობა ნარიყალაზე

გამარჯობა, ჩემო კარგო!
აღნიშვნის ღირსია, ალბათ, რომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია.
თუნდაც იმიტომ რომა ის უკვე ისტორიას უნდა ჩაბარდეს,
თუნდაც იმიტომ რომ ქართულ საეკლესიო კალენდარში წითლად არის მონიშნული ( არც კვირაა და არც მით უმეტეს შაბათი ), ვინაიდან დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულია,
და თუნდაც იმიტომ, რომ დღეს უბრალოდ კარგი დღე იყო მთელი თავის დღეობით.

ჩემს მეგობრებთან ერთად ნარიყალასკენ გასვლა მოვაწყვე და თბილისს გადმოვაცქერდი.

დიდებულია თბილის-ქალაქი, არც ერთმა ქალაქმა იფიქროს, გაუტოლდეს 15 საუკუნის დედაქალაქს. გადახედავ და გესიამოვნება: მტკვარი - შესანიშნავი ხეობით და მწვანე, ზურმუხტისფერს რომ ეძახიან ისეთი ფერით, სახლები ერთმანეთზე გადაბმული წითელი სახურავებით და შიგადაშიგ ამოჩრილი მწვანე ხეებით, ეკლესიებით ბევრით, წაწვეტებული გუმბათებით და წირვაზე ჩამოკრული ზარებით, შიგადაშიგ მეჩეთით, სინაგოგითა და სომხურ, რუსული ნარსახეობებით. აი, ასე გამოიყურებოდა თბილისი თავისივე გუშაგის გალავნებიდან. ასე რომ, ნურცერთი ქალაქი ნუ დაიკვეხნის თბილისზე ლამაზი ვარო ...

1998 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ტრაგედია

1998 წლის 12 ივლისის, უფრო სწორად უცუდესი დღის 13 ივლისი-ორშაბათის ღამის ორ საათზე ხელში ავიღე საწერ-კალამი მძიმედ დამწუხრებულმა და გლოვამოცული თვალებით დავცქერი ხაზებს და თითოეული ბრაზილიის კარში გატანილ გოლად მეჩვენება.
ეჰ, ჩემი უსაყვარლესი ნაკრები დამარცხდა, დამარცხდა უსასტიკესი ანგარიშით, რაც კი შეიძლებოდა წარმომედგინა 3:0. ერთი გოლი, ერთი საცოდავი გოლიც კი ვერ გაიტანეს. თუმცა გოლი რა არის, ოთხიოდე სახიფათო მომენტი ძლივს შექმნეს. ეჰ და ვაჰ. რა ტყუილად მიყვარდა დესაი, კარში შესული ბურთი უნამუსოდ გამოიტანა. დასრულდა ზაგალოს საფეხბურთო კარიერა. წავა ალბათ, დუნგაც, ბებეტოც.
საფრანგეთი კი ტრიუმფობს და ზანზარებს სიხარულით. მშურს დიდად. აი, ბედნიერი ხალხი. მშობლიური ფრანგული სტადიონები, სანატრელი ქვეჯგუფები და სამართლიანად აღსანიშნავი ბრწყინვალე თამაშები. ვგლოვობ, განვიცდი. დამიმარცხეს, გამინადგურეს მსოფლიოს ნოშიკო - ბრაზილია.

11 ივლისი 1998

უსაქმურობის მტკიცე იერიშმა ამაღებინა ხელში საწერ-კალამი და ბრძნული აზრების ფრქვევა გადამაწყვეტინა. დღევანდელი დღე იწოდება 1998 წლის 11 ივლისის შაბათ დღედ.
მსოფლიო ერთთვიან ციებ-ცხელებას აქვს მოცული, რადგანაც მიმდინარეობს ფეხბურთის მე-16 მსოფლიო ჩემპიონატი: საფრანგეთი 98 თავისი ყვავი-ყვანჩალათი. ფინალში საფრანგეთი და ბრაზილია იბურთავებენ. მიმდინარე ჩემპიონატზე ორი ფავორიტი მყავდა: საფრანგეთი და ჩემი საყვარელი ეროვნული ნაკრები ბრაზილიისა და აი, ფინალშიც მოხვდნენ. როგორც მოგახსენეთ, პირადად მე ბრაზილიური ბურთაობა უფრო მხიბლავს ... რონალდო ლამის მიყვარს თავისი სასაცილო კბილებიანად, სანპაიო - უყურადღებოდ გატანილი სამი გოლით, ბებეტო - ფინფანფური სირბილით, კაფუ - თავდასხმური დაცვით, რობერტო კარლოსი - ცხელ გულზე მოჭრილი მაკრატლებით, დუნგა - კაპიტნობით, დენილსონი - გადასარევი ფინტებით და ტაფარელი - აღებული პენალტებით.
გარდა ფეხბურთული ციებცხელებისა, დედამიწის ზურგს ცხადია სხვა რამეებიც ეხება ხოლმე...
კავკასიის ტერიტორია ბიძგებმა მოიცვა, ამ ბოლო დროს ჭანჭყარს უმატა და გურჯაანში ხუთი ბალი მოკრიფა, აზერბაიჯანში - შვიდი. ჯერ არ დაუნგრევია, მაგრამ მე ვიცი, როგორც დაანგრევს. ხოდა თუ ანგრევს, დაანგრიოს , ვნახოთ ერთი , რა ბიჭია !
და საერთოდ, მსოფლიო გაგიჟდა: ვაიმე წარღვნა, ვაიშენ 2000 წელი და ცეცხლის წვიმა იეღოველების ცეცხლგამძლე ქოლგებზე აშხაპუნებულ-აალებული. მერე კოსმოსური ხომალდით მოვა ნიუნოე, აკრეფს ყველა ჯიშის ცხოველ-ფრინველ-მცენარე-ადამიანს. ამ უკანასკნელის ჯიშების გამრავალფეროვნებასთან დაკავშირებით ნიუნოეს კიდობანი რეზინისა უნდა იყოს. მას წინ დიდი გარჯა ელის და იმედია ხელფასს მამაზეციერი შრომის შესაფერისს გადაუხდის.
რა არის სიკვდილის შემდეგ? ეჰ, არადა კარგი იქნებოდა სამოთხეში ... მაგრამ იქ მგონი ცოტა მოფრთიანო ხალხი უნდათ, რომელნიცა რომე ფრენენ, ფრრრ, ფრრ,,,ინდი, მინდი, ფერად შინდისფერი. კარგი ფერია, განსაკუთრებით გადამწიფებული, თითქმის დამპალი შინდისფერი.
კიდევ რა?
ის, რომ კარგია ცხოვრება, მართალი ხანდახან ბღავილამდე ცუდი და უაზრო, მაგრამ რადგანაც ერთია და განუმეორებელი, ანუ ორიგინალური, დასკვნა კეთდება: ის კარგია. გაპროტესტებას არ ექვემდებარება.
2025 წელს ადამიანებს დროში მოგზაურობა შეეძლებათო. შენ მიხვალ აეროპორტში და : excuse me miss, შეგიძლიათ 1789 წლის ბილეთი მომცეთ, ოთხი ადგილი გეთაყვა, მსურს ვნახო საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია.
მეორე ვერსია: მე მინდა 1089 წლის ბილეთები, მინდა მეგობრებთან ერთად დავესწრო დავით აღმაშენებლის ინაუგურაციის ცერემონიალს, და ასე შემდეგ.
მანამდე კი რუსთავის ზონიდან გადაყვანილი პატიმარი საავადმყოფოში მალევე გარდაიცვალა. აფხაზებს ენის გამტკიცება სურთ და შრიფტიც გაამზადეს. კვიპროსისთვის ბერძნები და თურქები ერთმანეთს უღრენენ. პრემიერ მინისტრი ბასაევი ჩეჩნური სავარძლიდან გადაჯდა, სად მე არ შემატყობინა. ბელორუსია ვენის კონვენციას არღვევს და საფრანგეთს უნდა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ლუკაშენკოს ქვეყანასთან. ფრანგ ფეხბურთელებს დაევალათ საფრანგეთის ჰიმნის სწავლა. ასეთი იყო ინფორმაცია დღევანდელი დღის 8 საათისათვის.
მოდი, მე ერთ ჭკვიანურ რამეს გავაკეთებ: საწერ-კალამს გვერდზე გადავდებ და მწერლობანას შევეშვები.
სულ ეს იყო.
კარგად ბრძანდებოდე ძვირფასო ნინო მკითხველო! ნინო მწერალი უახლოეს მომავალში პირდაპირ ეთერში ისევ მოგესალმებათ უკეთილშობილესი სურვილებით !