Wednesday, July 13, 2011

25მარტი/99

დიდხანს ვიფიქრე, რომელი საათი იყო. საბოლოოდ დავასკვენი, რომ არის 16 საათი და 27 წუთი. ასეა რა. მე დღე სახლში ვარ და მთელი დღეა ვჭამ და ვჭამ. სასწავლი მაქვს ეკონომიკა, მაგრამ არა და არა. არაფრით არ სურს ჩემს ტვინს აითვისოს ისეთი მეცნიერების საფუძველი, რომელსაც დიდი და ხანგრძლივი ისტორია აქვს.
რაც შეეხება დანარჩენს...

ჩვენ ჩვენი დედამიწიანად ვუახლოვდებით 2000 წელს, მანამდე დარჩენილია ორასრაღაცა დღე. აი, მაშინ იქნება თუ იქნება. ცეცხლის წვიმა, წვიმის წვიმა, ბაყაყებისა და ხვლიკების ნიაღვარი, დიდი რაოდენობით დიდი

და პატარა მიწისძვრები, ქარიშხლები, ცუნამები, მეტეორიტები, კუდიანი ვარსკვლავები, მფრინავი თეფშები, აინები, მაინები, ჭიქები და საინები. და ეს ყველაფერი ერთად თავზე დაემხობა სრულიად გასაცოდავებულ, გამოფიტულ და მოხუცებულ მზისპლანეტელ დედამიწას.
ცოდოა, არა?!
დასკვნა:გამოყენებულია სტილისტიკური ხერხი-ირონია, ანუ ამას წინ სტილისტიკის ლექციას შევესწარი. საერთოდ, როგორც ასეთი, ლექციები დიმედროლის საუკეთესო შემცვლელებად მიმაჩნია.

17მარტი-99

მარტმა გადაწყვიტა, არავის დაავიწყოს, რომ ის მარტია და გასაცოდავებულ თბილის დედაქალაქს და უფრო მეტად გასაცოდავებული საქართველოს გასაცოდავებულ ქალაქებსა თუ სოფლებს გასაცოდავებული თოვლითა და არცთუ გასაცოდავებული ქარიშხლით დაატყდა. შევწუხდი ამდენი საცოდაობით და მთელი გუშინდელი დღე უსაქმოდ და ძილში გავატარე, უსიზმროდ ვიძინე 4 საათამდე.კარგი იყო. მერე უსიზმრობა მომბეზრდა და სასურველი სიზმრების დასიზმრება დავიწყე.

ახლა ღამეა, ცხრა საათი და დენი არ არის.

სხვათაშორის, დღეს ნახევარი საათი ნავთის რიგში ვიდექი, მაგრამ მაინც კარგი დღე იყო...

ხვალისთვის უამრავი რამ მაქვს თავში შესატენი, მაგრამ ძალიან მეზარება და ვატყობ, ხვალაც დამეზარება, ხოდა, მოდი ვიზარმაცოთ.

Don't go around saying the world owes you a living. The world owes you nothing. It was here first.
ასე ბრძანა მარკ ტვენმა