Sunday, February 6, 2011

1998 30 აპრილი

აპრილმა წასვლის წინ თავი გასაოცარი ამინდით დაგვამახსოვრა.

მზე ჩადის, მაგრამ მისი სხივები კორპუსების მაღალ სართულებზეა მიფენილი. ცა შავი ღრუბლებითაა სავსე და გემრიელად წვიმს. მოპირდაპირე კორპუსიდან ცისარტყელაა ამოსული. ერთი კი არა, ორი ერთად. დიდი ცისარტყელა ოთხფერაა, პატარა - სამი, მაგრამ თანდათან ფერმკრთალდება, ჯერ გავარდისფერდა, კიდევ უფრო გაღიავდა და მერე ნაცრისფერში ჩაინთქა. დიდი ჯერ მაგრადაა. როგორც ჩანს, კაცობრიობის გადარჩენის მყარ იმედადაა აჭიმული მთელ სიგრძეზე...რკალი აღარ ჩანს, გაუფერულდა, ნაცრისფერი თნდათან ჭამს, ჭამს...სულ, სულ ოდნავ ჩანს და დიდი ცისარტყელაც ჩაყლაპა ნაცრისფერმა და განაცისფერდა ქუჩა სველი ასფალტით, მწვანე ფოთლებზე წვიმის წვეთებით და სველ გზაზე გაწოლილი ერთი კორპუსის ვარდისფერი ანარეკლით.
მზეს კიდევ ეკუთვნის უბნის გარკვეული ნაწილები, რომლებიც მუქი ვარდისფერითაა აღნიშნული, მაგრამ მარადისობის კანონს მზე რასაკვირველია ვერ დაარღვევს და თანდათან მისი ნაწილები ფერმკრთალდება, კიდევ უფრო ფერმკრთალდება და ფაფუ... აღარ არის. მზე მაინც იბრძვის, ამჯერად გაცხარებული ომი ცაში გადავიდა, ღრუბელთა გარკვეული ნაწილი მზის კუთვნილებაშია.
არა და არა ! ამაოა, მზეო ჩალიჩი! რახან წესია წასვლის, უნდა წახვიდე. ბრძოლა ამჯერად შენ წააგე, მაგრამ შემდეგი რაუნდი ხვალ ხომ იქნება, სადაც გამარჯვების უდიდესი შანსები გაქვს. მანამდე კი , დაუთმე ცა ნაცრისფერ და შავ ღრუბლებს. გაუშვი, იწვიმონ, დაიჩუტებიან და მერე მოდი და იყავი და იყავი და ნუღარ წახვალ და დაე, იყოს დღე გრძელი და კიდევ უფრო გრძელი.

P.S. ნაცრისფერს დიდხანს მოუხდა ბრძოლა ვარდისფერის წინააღმდეგ და ჯერაც ვერ გაუძევებია.

PP.S. მზეს ერთი ვარდისფერი ღრუბელიღა დარჩა...