Sunday, February 20, 2011

აზრი?

უცაბედი იმპულსი, უცაბედი სურვილი ... ხელახალი ჩაფიქრება, ხელახალი განსჯა. და რისი? აზრის - დედა-აზრის, ანდა შინაარსის, ქვეტექსტის, სულ ერთია. რამე. თუმცა პატარა ადამიანების უფლებებს შორის ეს არ არის, ანუ მათ არ ძალუძთ რამე განსაჯონ და მითუმეტეს აზრი, არსი -!
არის თავი, შეიძლება ითქვას ნორმალური მოყვანილობის, არც კვაზიმოდოს თავის მსგავსი და არც ვენერა მილოსელის. უბრალო, წაბლისფერი თმით დაფარული თავი, არც ისე მაღალი შუბლით, რომ ვინმეს გენიოსისა კი არადა ჭკვიანის მაინც ეგონოს. მაგრამ მაინც დაბობღავენ ამ თავში აზრები, ეძიებენ, ჩხრეკენ ყველგან, ყოველ მიხვრა-მოხვრაში და რას ეძებენ ეს აზრები ასე გაფაციცებით?!
აზრს !
თუმცა არა იმიტომ რომ ახლა გაზაფხულია და ბუნების კანონები მოითხოვენ გამრავლებას და გამრავლებას. არა, ისინი მსოფლიო აზრს და ცხოვრების არსს ეძიებენ. ჰი ჰი ჰი.... სწორედ, რომ ღირსია გათელვისა და გაპარტახებისა. რა აზრი უნდა ჰქონდეს უაზრობას? არავითრი და მორჩა !
... და თავი, იგივე წაბლისფერთმიანი, არც კვაზიმოდოსი და არც მითუმეტეს ვენერა მილოსელისა, უბრალოდ ისეთი თბილისში მსგავსი წაბლისფერთმიანებისაგან რომ ვერც გამოარჩევ, აგრძელებს მაინც ბორგვას... და ჩვენ გვაქვს იდეა! გავაგრძელოთ ცხოვრება უთაოდ ! unheaded !
არც წუხილი, არც ბოღმა, არც სიხარული, ანდაც აღმაფრენა - მხოლოდ ინსტინქტები, თუნდაც ცხოველური, თუმცა რატომ შევურაცყოფთ კეთილშობილ არსებათ, რომელთაც შესანიშნავად იციან თავიანთი დანიშნულება ამქვეყნად და ამისთვის მათ არ სჭირდებათ თავში მორიალე ფიქრები.
ხე! მწვანე ფოთლებით, ანდაც ყვითელი ფოთლებით, ანდაც სულ უფოთლოდ ! და მან იცის რა უნდა და რისთვის მოვიდა. მიწას შეუნარჩუნოს სიგრილე, ჰაერს ჟანგბადი, ფრინველს - საბუდარი. არც ისე ცოტაა ერთი ხისათვის.
თუმცა...
ადამიანი! თავით წაბლიდფერთმიანი, ანდაც ქერათმიანი ანდაც თეთრთმიანი ! რა უნდა, რისთვის მოსულა. გრილში წამოწვეს, ჰაერით ისუნთქოს, ფრინველთ გალობას უსმინოს. არც ისე ცოტაა ერთი უბრალო ადამიანისათვის. შეიძლება გადაიღალოს. ერთადერთი რას შეიძლება მან nature-ს მისცეს თავის ნეშტია, რათა ნიადაგი ნაყოფიერი გახადოს, ანუ ეგრეთწოდებულ, თუმცა რატომ ეგრეთწოდებულ, ნეშომპალად იქცეს.
რა მაღლი იდეალი, რა სიყვარული, რა მეგობრობა, რა ხელოვნება, მხოლოდ და მხოლოდ ნეშომპალა და ჰაა და ჰა მინერალური მარილები - ოპლა, და ყავისფრად ამობურცული მიწა ... რა არის ახლა აქ ყველაზე სასაცილო? ადამიანს ამ ერთადერთის გაღებაც არ სურს სრულად! ის უარს აცხადებს გამოკვებოის საცოდავი ჭია-მატლუკები, რომელნიც დიდი აღმაფრებით ( და რატომაც არა აღმაფრენით) ელიან სანეტარო წუთს გვამში ჩაძრომისა. თფუჰ და კიდევ თფუჰ, ჭია-მატლუკების კერძო ადამიანო!
ცოტა ჭკვიანები გამოდგნენ , ვგონებ , ინდოელები, ეს შავტუხტუხა კაცუნები. დიდი კოცონი, ბრიალი, ენები, ცხელი ჰაერი, გასკდომამდე გაცხელებული ჟანგბადის მოლეკულები და ცეცხლზე შემოდგმული საბრალო, მშივრად დარჩენილი ჭია-მატლუკების მსუყე ვახშამი, ანუ გვამი, შავი და გასიებული (ეტყობა გული აწუხებდა).
ძველად კიდევ უფრო სასტიკად ეპყრობოდნენ საწყალ ჭია-მატლუკებს და მკაცრ დიეტაზე ჰყავდათ შემოსმული. მაგალითად კეთილშობილ კოლხებს ერჩივნათ თავიანთი მკვდარი ან არწივს შეეჭამა ან აფთარს დაეგლიჯა ... მდაა... ოცი წუთია ფილოსოფიად ვიღვრები, ვოლფრამის ნათურა ვარვარებს და ელექტროენერგიად იღვრება, რადიო წრიპინებს და მელოდიად იღვრება და ასე ვიღვრებით ყველა ერთად, ადამიანი და ადამიანების ნამოღვაწარი.
გარეთ კი ღამეა, ჩემმა ქალბატონმა მუზებმა ფრთები აიკეცეს და მერვე სართულის აივნიდან ტყაპატყუპით ჩაცვივდნენ. ლიფტი მუშაობს, ქალბატონებო, ლიფტი ! თუმცა რა იციან ოლიმპიელებმა ლიფტი და საერთოდ, ენგურჰესის დანიშნულება.

1998. 14 მაისი

P.S.საცოდავი 13 მაისი 45 წუთის წინ გარდაიცვალა, ზუსტად 45 წუთია 14 მაისი დაიბადა. გაიხაროს და დიდი ბიჭი გაიზარდოს და თან ისე რომ ვერავინ დაჩაგროს.

P.P.S. მართალზე უფრო მართალი ბრძანდებით, რა შუაში იყო ახლა ეს ყოველივე???