Saturday, March 12, 2011

17/მაისი/1998

თბილისში 17 მაისი გვაქვს, ჯერ, სანამ ისტორიას ვაჩუქებდეთ შთამომავლობის სახელით.

გაგჩენია, ჟორჟ, სურვილი: ღამით, როცა ყველას სძინავს, კორპუსები ჭირისუფლებივით დაყუდებულან მრუმე ტანსაცმლით მოსილნი, ცა ღრუბლებითაა დაფლეთილი, ნაწვიმარია და გზაჯვარედინზე, დიდ გუბეში დიდი მთვარეა ჩამოვარდნილი,,, ჟორჟ! გაგჩენია სურვილი, გასულიყავი ქუჩაში ფეხშიშველი, ჩაგეტოპა ტალახში, გაგეთელა სველი ბალახი, გადაგეჭრა სველი ქუჩა და გაგეჭყლიტა სველი მთვარე, რომელიც შეცდა და ციდან ჩამოვარდა?
მე მომინდა!
და წუხელ, შუაღამისას , როცა ყველას ეძინა აბეზარი ჭრიჭინებისა და ჩემს გარდა, მომინდა ქუჩაში გასვლა და ტბორებში ტყაპუნი. იცი, რა მსუბუქია ჰაერი ღამით, იმ დროს , როცა ის უკვე ილევა. ჰაერი კანიდან ცხვირ-პირის დაუხმარებლად შედის ფილტვებში და გასკდომამდე ბერავს და მერე ...ღრმა ამოსუნთქვა და ნახშირორჟანგის მოლეკულები თავპირისმტვრევით მირბიან ხეების ჯერ კიდევ მძინარე ფოთლებისაკენ. მერე ... მერე მოდის დილა, წინ რიჟრაჟი, განთიადი, აისი თუ ათინათი უძღვის. ყველაფერი მუქი ტონიდან ღია ტონებში გადადის. შავი მუქ ნაცრისფერში, მერე ღია ნაცრისფერში, მერე კიდევ უფრო ღია ნაცრისფერში, მერე ფერფლისფერში, მერე რძევდება ყველაფერი და მერე მოდის ღიაზე ღია ვარდისფერი, მოიპარება აღმოსავლეთიდან და თანდათან ფერავს ცის კიდურს, მუქდება, მუქდება, ყვითელი ერევა, მერე ცეცხლისფერი, მეწამული, მერე ყველფერი კაშკაშებს და ამოვა მზე, დიდი, მრგვალი და ცხელზე ცხელი. და დგება ახალი დღე.

P.S. რაღაც მემართება, მინდა ვწერო და ვწერო...მეწერინება, მემწერლინება, მეხელოვნებინება. მეფილოსოფოსებინება
Notre-Dame de Paris წავიკითხე. კარგია ვერაფერს იტყვი, თუმცა ,,მოცინარი კაცი''უფრო მომეწონა.