Saturday, February 5, 2011

1998. 22 მარტი

დღე იყო სწორედ ისეთი, მარტს რომ შეეფერება. დღის ექვსი საათისთვის ტრაგიკულად ჩამობნელდა და ქარიშხალმა მოიტანა წვიმისა და შიგადაშიგ სეტყვის ღრუბლები. საშინელი გამყინავი ქარი იყო, ზუზუნა და თოშია. მერე წამოთოვა. ნახევარ საათში მზემ გაიბრძოლა ბოროტ ღრუბელთა წინააღმდეგ და დაბნელებულ ირგვლივეთს შუქი მოჰფინა...

დედაო ღვთისა, მზეო მარიამ, დიდი ბოდიში შეწუხებისთვის, მაგრამ იქნებ ფინანსური ჭაობიდან ამოძრომაში დაეხმარო ერთ არსებას? შენ ხომ არ გინდა შენი წილხვდომილი ქვეყნიდან შენივე შვილი უფულობის დეპრესიამ მოახრჩოს? თუ გინდა?!

1998. 13 მარტი. პარასკევი

დღე გათენდა ქუში, ღრუბლიანი და ქარიანი ...

ჩვენ კრიტიკის უფლება არ გვაქვს, თუმცა რა სიტყვაა უფლება და ვინ საზღვრავს მას? მინდა და მორჩა!

ცხოვრება ცხოვრებაა. ის ცუდია, ძალიან ცუდია ხოლმე. ღრიალამდე და ბღავილამდე ცუდი, მაგრამ ცხოვრება ცხოვრებაა... რაღაი დაიბადე, სხვა რა გზა გაქვს, უნდა იცხოვრო,იხარო, იხეირო, იცინო, იტირო, დაიჭმუჭნო ან არ დაიჭმუჭნო, გათეთრდე ან არ გათეთრდე და ჰოპლა ... ყავისფრად ამობურცული პატარა გორაკი, ჯერ კიდევ მწვანე ფოთლები პანაშვიდებზე მოტანილი ყვავილებისა. ჭირისუფალთა ფეხსაცმლის ლანჩების ჯერ კიდევ ღრმა ნაკვალევები რბილ მიწაზე. ცრემლი, ცრემლი, ცრემლი...მაგრამ ა-ემოცია. არ არის. არ არის არც სუნთქვა, არც გულის ცემა, არც პულსი. ვიწრო სივრცე და განძრევის უსურვილობა.
აი, ჩემო ჟორჟ, სად მიგიყვანს ცხოვრებაზე ოდნავი ჩაფიქრებაც კი. ღირს კი ადამიანს თავი ებას საფიქრად? უნდა ედგას თვალის, ყურისა თუ ცხვირის განსათავსებლად, მაგრამ არა ფიქრის, არა ვარაუდის. და ეს იქნება ბედნიერება...
ამბობენ მოემი ჰომოსექსუალისტი ყოფილაო. თვლიან სწორედ ამიტომ შეუყვარდა ფილიპს მილდრედი ,,ისეთი გამხდარი, რომ ადვილი შესაძლებელი იყო მისი ძვლების დანახვა, ბიჭის მკერდივით ბრტყელი გულისპირი, წვრილი ტუჩებით ფორმირებული უშნო პირი და სიმწვანემდე მისული კანი" ....

სულ თორმეტ წუთში საქართველოში ახალი დღე ღამით შემოაბიჯებს და შემობრძანდება 14 მარტი თბილისში