Saturday, January 6, 2018

2011 იანვარი II

2011,02,01
2011 წლის დღე მეორე. როგორც ამბობენ დღეს არისო ბედობა თუ რაღაც მაგდაგვარი და რომ იცოდე, რა მშვენიერი ამინდი ადგას თავს ამ სიმშვენიერეს, გაიფიქრებ, ამისთანა ამინდი დამებედოს, მაგას რამ უნდა აჯობოსო. ხოდა, მაშინ მე შემოგთავაზებ, რამ უნდა აჯობოს. ყოფნამ  სულ ზევით, მაღლა და მაღლა ,,, აი, როგორც მე ვარ ახლა ზამთრის მზით გამთბარ ქვაზე მოკალათებული დათოვლილი ხეების გარემოცვაში და ამ დღის სიყვარულში. ისეთი განწყობა დამუფლებია, ქე რომ გინდა ყველას გააგებინო:















ნახე, რა ლამაზი დღეა;
ნახე, რა დიდებული კლდეა;
ნახე, რა საოცარი მზეა;
ნახე რა ბრჭყვიალა ხეა,
ნახე რა გოროზი ტყეა ,,, და ასე შემდეგ,,
გეუბნები , მუზები მაზიან ყურებზე...
წავედი ახლა, დავეშვი კოშკებისკენ.



2011,03,01

2011 წლის დღე მესამე ჩემთვის 11 საათზე დაიწყო და სანამ ავლაგდი და გადმოვბარგდი სამი საბნის ქვეშიდან, კი გავიდა ნახევარი საათი. დილის საუზმე რძისგან შედგებოდა ამ დილას. მერე შორენა მესტუმრა და სანამ ყავა ჩავცეცხლე, კიდო გავიდა ორი საათი. გახდა სამი საათი და მე გავუდექი თხვეელიშის აღმართს. 



ვიარე და ვიარე. ბევრი ვიარე. მერე წყალი ორად გაიყო და მე მარჯვენა შენაკადს გავყევი. ვიარე და ვიარე. იმდენი ვიარე, რომ მერე ჩემი ფეხები თავისით მოძრაობდნენ. ინერციით. უცებ, რას ხედავენ თვალნი ჩემნი: წყალი უბრალოდ გაქრა, თავის ადგილას კი ღრმა ნაკვალევი დატოვა. 


მე იხტიბარი არ გავიტეხე და სვლა გავაგრძელე ზევით და ზევით. არადა არ დამთავრდა ეს ჩამოკიდებული აღმართი. საბოლოოდ, ვერ ავედი, მზემ მიღალატა, უცებ ჩავიდა და თავპირისმტვრევით და სრიალით და სირბილით და კუნთების ძაბვით ჩამოვეკიდე ამჯერად უკვე დაღმართებს. 
ბილიკი ვიპოვე, ტყეში შედიოდა. წარმოვიდგინე გატიტვლებულ ტყეში ჩამალული სხვადასხვა არსებათა ანთებული თვალები და ... 
ბილიკს დავადექი. მთიული ვარ მე და დედა მყავს სვანი, რანაირად დამეხია უკან? ულამაზესი იყო ტყეში თეთრად ჩაკარგული ბილიკი, ზოგან ყავისფერი ფოთლების ხალიჩით მოფენილი. ღირდა იქ გავლა, თუნდაც რისკის ფასად. უცებ, მეორე სათავეს არ მივადექი? თან როგორ მწყუროდა... 
შებინდებულზე ვიყავი ხიდზე... 
დაღლილი, გასავათებული და სრულიად კმაყოფილი.
რა უმსგავსოდ მატყუარა აღმართი იყო. სასტიკი, ციცაბო და ცრუ.


2011,05.01

შორ მანძილზე სასიარულოდ ფეხის კუნთები ვერ დავიყოლიე და აქვე ახლოს გავისეირნე. ჩემი ბავშვობის ზაფხულები ამ ღელესთან  გატარებული გავიხსენე და ვიღაცის ღობეს გადავაბიჯე. მთელი ბავშვობა აქ დავდიოდი და ჰოი საოცრებავ, ეს ნანგრევი ახლაღა შევნიშნე. ხოდა ამოვცოცდი აქ, ამ ნაკოშკარის სიყვარულში და ვტკბები ფანტასტიური ხედით. ქვევით ცხენია, რაღაცას ძოვს, ოღონდ, ვერაფრით გამიგია რას. მოკლედ, ძალიან ამაოა ყველაფერი. მე, ფრიად პატივცემული არსება, ამაყად ვარ მოკალათებული ჩემი წინაპრების ნაოფლარზე და გარს ასკილის ეკლიანი ტოტები მახვევია. ეგენიღა იცავენ აქაურობას.
2011 წლის დღე მეხუთე ფრიად მისტიურად გამოიყურება. მზე ისეთ დისკოს წარმოადგენს, თვალდაუხამხამებლად რომ შეგიძლია უცქირო და უცქირო ( არადა ეკაიფოს დაწერა მინდოდა და ვერ შევკადრე)

დაშვება ფრიად წარმატებუილად განვახორციელე. აჩხავლდა ყვავი , აყვა მეორე. ნანგრევი ჩამომცქერის ზემოდან და თავის თავზე ვერაფერს მიყვება.










2011,06,01
6 იანვარი, შობის წინა დღე თოვლიანი დილით გათენდა. ძალიან ლამაზია თოვლის ფენა, ბრჭყვიალებს. ბავშვობის მერე არ მინახავს თოვა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მახსოვს.
დღეს დალისთან ერთად წავედი მესტიაში და სავარაუდოდ 15 კილომეტრი ვაბიჯე. მესტია ლამაზია? ჩემთა თვალთათვის მხოლოდ მისი ნაწილები გამოიყურება საინტერესოდ. კოშკიანი ადგილები. ისე სეტი ნამეტნავად არის შელამაზებული, სვანური სიღნაღის ელფერი დაკრავს.