Saturday, March 26, 2011

11 ივლისი 1998

უსაქმურობის მტკიცე იერიშმა ამაღებინა ხელში საწერ-კალამი და ბრძნული აზრების ფრქვევა გადამაწყვეტინა. დღევანდელი დღე იწოდება 1998 წლის 11 ივლისის შაბათ დღედ.
მსოფლიო ერთთვიან ციებ-ცხელებას აქვს მოცული, რადგანაც მიმდინარეობს ფეხბურთის მე-16 მსოფლიო ჩემპიონატი: საფრანგეთი 98 თავისი ყვავი-ყვანჩალათი. ფინალში საფრანგეთი და ბრაზილია იბურთავებენ. მიმდინარე ჩემპიონატზე ორი ფავორიტი მყავდა: საფრანგეთი და ჩემი საყვარელი ეროვნული ნაკრები ბრაზილიისა და აი, ფინალშიც მოხვდნენ. როგორც მოგახსენეთ, პირადად მე ბრაზილიური ბურთაობა უფრო მხიბლავს ... რონალდო ლამის მიყვარს თავისი სასაცილო კბილებიანად, სანპაიო - უყურადღებოდ გატანილი სამი გოლით, ბებეტო - ფინფანფური სირბილით, კაფუ - თავდასხმური დაცვით, რობერტო კარლოსი - ცხელ გულზე მოჭრილი მაკრატლებით, დუნგა - კაპიტნობით, დენილსონი - გადასარევი ფინტებით და ტაფარელი - აღებული პენალტებით.
გარდა ფეხბურთული ციებცხელებისა, დედამიწის ზურგს ცხადია სხვა რამეებიც ეხება ხოლმე...
კავკასიის ტერიტორია ბიძგებმა მოიცვა, ამ ბოლო დროს ჭანჭყარს უმატა და გურჯაანში ხუთი ბალი მოკრიფა, აზერბაიჯანში - შვიდი. ჯერ არ დაუნგრევია, მაგრამ მე ვიცი, როგორც დაანგრევს. ხოდა თუ ანგრევს, დაანგრიოს , ვნახოთ ერთი , რა ბიჭია !
და საერთოდ, მსოფლიო გაგიჟდა: ვაიმე წარღვნა, ვაიშენ 2000 წელი და ცეცხლის წვიმა იეღოველების ცეცხლგამძლე ქოლგებზე აშხაპუნებულ-აალებული. მერე კოსმოსური ხომალდით მოვა ნიუნოე, აკრეფს ყველა ჯიშის ცხოველ-ფრინველ-მცენარე-ადამიანს. ამ უკანასკნელის ჯიშების გამრავალფეროვნებასთან დაკავშირებით ნიუნოეს კიდობანი რეზინისა უნდა იყოს. მას წინ დიდი გარჯა ელის და იმედია ხელფასს მამაზეციერი შრომის შესაფერისს გადაუხდის.
რა არის სიკვდილის შემდეგ? ეჰ, არადა კარგი იქნებოდა სამოთხეში ... მაგრამ იქ მგონი ცოტა მოფრთიანო ხალხი უნდათ, რომელნიცა რომე ფრენენ, ფრრრ, ფრრ,,,ინდი, მინდი, ფერად შინდისფერი. კარგი ფერია, განსაკუთრებით გადამწიფებული, თითქმის დამპალი შინდისფერი.
კიდევ რა?
ის, რომ კარგია ცხოვრება, მართალი ხანდახან ბღავილამდე ცუდი და უაზრო, მაგრამ რადგანაც ერთია და განუმეორებელი, ანუ ორიგინალური, დასკვნა კეთდება: ის კარგია. გაპროტესტებას არ ექვემდებარება.
2025 წელს ადამიანებს დროში მოგზაურობა შეეძლებათო. შენ მიხვალ აეროპორტში და : excuse me miss, შეგიძლიათ 1789 წლის ბილეთი მომცეთ, ოთხი ადგილი გეთაყვა, მსურს ვნახო საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია.
მეორე ვერსია: მე მინდა 1089 წლის ბილეთები, მინდა მეგობრებთან ერთად დავესწრო დავით აღმაშენებლის ინაუგურაციის ცერემონიალს, და ასე შემდეგ.
მანამდე კი რუსთავის ზონიდან გადაყვანილი პატიმარი საავადმყოფოში მალევე გარდაიცვალა. აფხაზებს ენის გამტკიცება სურთ და შრიფტიც გაამზადეს. კვიპროსისთვის ბერძნები და თურქები ერთმანეთს უღრენენ. პრემიერ მინისტრი ბასაევი ჩეჩნური სავარძლიდან გადაჯდა, სად მე არ შემატყობინა. ბელორუსია ვენის კონვენციას არღვევს და საფრანგეთს უნდა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ლუკაშენკოს ქვეყანასთან. ფრანგ ფეხბურთელებს დაევალათ საფრანგეთის ჰიმნის სწავლა. ასეთი იყო ინფორმაცია დღევანდელი დღის 8 საათისათვის.
მოდი, მე ერთ ჭკვიანურ რამეს გავაკეთებ: საწერ-კალამს გვერდზე გადავდებ და მწერლობანას შევეშვები.
სულ ეს იყო.
კარგად ბრძანდებოდე ძვირფასო ნინო მკითხველო! ნინო მწერალი უახლოეს მომავალში პირდაპირ ეთერში ისევ მოგესალმებათ უკეთილშობილესი სურვილებით !

No comments:

Post a Comment