Tuesday, January 2, 2018

2011 იანვარი I

2011,01,01
მოვიდა და დადგა ამ საუკუნის მორიგი წელი. 
მოვიდა ჩუმად და უხმაუროდ.
სვანურ მთებს ოდნავ და სიმბოლურად დაათოვა.
მოგანიჭა ფანტასტიკური შეგრძნება კარის გაღებისას სითეთრის შემოფეთებისა.
ხოდა, მე ის შევიგრძენი. 
სიცივემ ცხვირის წვეროკინა ამიწვა და გულთბილი ფეჩისკენ მიბიძგა. დილის საუზმე და საახალწლო პროგრამები მივირთვი უზმოზე და წინა დღით (შარშან) მიღებული გადაწყვეტილება არ გადავთქვი. უბრალოდ, შევიკაზმე შეძლებისდაგვარად თბილად და ჩავუყევი ოდნავ დათოვლილ დაღმართს ჩემი მდინარის მოსანახულებლად. ის ისევ იქ დამხვდა და ყოველთვის იქ დამხვდება. იცის, რომ მიყვარს და იცის, რომ უმისოდ რაღაც მაკლია, და ერთგულად მიედინება თავის ჩვეულ კალაპოტში მისთვის და ჩემთვის. ლურჯად ანკარა და უკანდახეული, მაინც მჩქეფარე და მაინც გოროზი. მიყვარს ჩემი მდინარე მე... კამკამა იყო დღეს და კენჭებამდე გაშიშვლებული.













ჩემი ფოტოაპარატით შეიარაღებულმა ვინადირე საინტერესო კადრებზე და მოვისმინე ვიღაც როგორ ცდილობდა ამ ახალ წელიწადს რომელიმე ცხოველისთვის მოესწრაფა სიცოცხლე. იმედია, არ გაუმართლა.

ხოდა ასე იყო ჩემო გენაცვალე. რაღა თქმა უნდა , ტრადიციულად დამიჯდა ელემენტები და მსვლელობა პირდაპირი მიმართულებით შევცვალე მიმართულებით ზევით და ზევით. საბოლოოდ ამოვბრძანდი ზუსტად 131-ე კილომეტრზე და ის წუთი იყო, რომ უნდა გამეაზრებინა შემდეგი რამ: ,,აუფ, რა შორს წამოვსულვარ, კაი ერთი საათი დამჭირდება შინ მისაღწევად თქო“... და ჰოი საოცრება ... ხაკისფერმა ,,police’’ წარწერიანმა პიკაპმა გვერდზე ჩამიშხუილა და საბურავის წრიპინით სვლა ჯერ შეანელა, მერე უკან მოგორდა. დაინტერესდა ამ უცნაური ობიექტით ანუ მეთი. მე კი ფრიად საინტერესოდ გამოვიყურები ამ დროს: ზოლიან რეზინის ბოტებში ჩატანიებული შავი შარვალი, ზემოდან დათბილული თბილი საწვიმარი, მწვანე ფერებში გადაწყვეტილი სასაცილო ქუდი და კაშნე. ქუდში გარჭობილი ძახველის კუნწულები და ხელში ძახველისავე ტოტები. ჩემი ფიზიონომია, რომელზეც ასახულია საკმაოდ მაღალი ხიდან ჩემთვის სასურველი ნაყოფის ხელში ჩაგდების მოპოვების უნარით აღტაცებული ღიმილი. თან გულიანად შევექცევი ტყის ნობათს, ვიკლავ რა კუჭის სიღრმიდან შემოტეული შიმშილის შეგრძნების სიმპტომებს. 
ხაკისფერი და გოროზი შესახედაობის პიკაპი მომიახლოვდა და დაბურული მინა ჩამოიწია. შიგნიდან არც თუ ისე გოროზი შესახედაობის ვინმე ადამიანი მიმზერს (როგორც უცხო პლანეტიდან მის გამოსაცდელად მოვლენილს) და მეკითხება იქით მივდივარ თუ არა. ცხადია მივდივარ და ვათავსებ ჩემს საინტერესო პერსონას მძღოლის გვერდზე. პიკაპი თავქუდმოგლეჯით იწყებს სვლას ,,, ხოხ ,,, მარცხენა თვალის კუთხიდან ვხედავ რაღაც ფიშტოს, შავია, სულ შავი და მომაკვდინელად ლამაზი. 
ა, მიყურე ახლა მე! 
ძირს იარაღი! 
ჩემმა ახლადშეძენილმა მძღოლმა მეორე მხარეზე გადაიტანა მეტალის ეს შედევრი და მუსიკას აუწია. დუმცუკდუმცუკი გადმოიღვარა პიკაპის დაბურული მინებიდან ,,, და ჩემი კოშკებიც გამოჩნდა. ჩამოვედი მანქანიდან და დიდად კმაყოფილი, ოღონდ თავად არ ვიცი რით, დავუყევი სოფლის დაღმართს. სოფლის, რომლის ყველა კენჭი მიყვარს მე.