Saturday, January 13, 2018

2011 იანვარი III

2011,09,01
ჩემი მობილური გამოსცემს შემდეგ ინფორმაციას - 10:30 Sunday 09/01/2011
რაღაცნაირი დღე იყო, ნაცრისფერი ემოციით დამთავრდა.
2011,10,01
დღესა ამასა ვგონებ ორშაბათი უნდა ერქვას. კარგა ხანია ჩემი დღე თერთმეტი საათის შემდეგ იწყება, ანუ ვტკბები ძილით, სანამ ამის შესაძლებლობა მაქვს.
მაშასადამე ვიმყოფები ზუუსტად 132-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემს მიერ აღმოჩენილ უზარმაზარ ქვაზე და ვაკვირდები მზის ჩასვლას კი არადა თვალს მიფარებას, მას შემდეგ რაც ცეცხლის მინამსგავსი დავანთე ამ ზემორეხსენებულ ქვაზე. მართლაც და დიდზე დიდი ქვა არის და შეგიძლია მასზე თქვა: ,, აქ საიდან გაჩნდი, შე ძალზედ ხავსიანო და ამ მთებივით ბებერო ქვაო?!“ თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ ზემორეხსენებულმა ქვამ დაგდოს პატივი და გაგცეს პასუხი.
ამასობაში ჩემი ცეცხლი მიინავლა და სული შთავბერე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ტკვარცალობს ახლა და ნაპერწლებს მიპაჭუნებს.
ჩავაქრე და სიცივე შემომაჯდა ბეჭებზე, ხელი ცხვირზე ამაფარა და სისხლძარღვებში დატრიალდა. სისხლთან ერთად მიაწოდა სიცივის მოლეკულები ყველა ორგანოს და ტვინმა იკივლა: ,,ფეჩთან მინდა!“ კუჭი აყვა: ,, მემუშავინება და რაიმე გადასამუშავებელი მომაწოდეო!“
არა, რა! არ არის საშველი. ამ ცხოვრებისეული და კუჭნაწლავისეული პრობლემებიდან გამომდინარე, ვეღარ მიგიღია ადამიანს ესთეტიკური სიამოვნება.
2011,11,01
ამინდის პროგნოზმა მამცნო, რომ შემდეგი სამი დღე თბილი ამინდით გამოირჩევა და არ ყინავს. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ აღმოსავლეთში ყინავს. ეს უკვე მეორედ გამომყვა მზიანი ამინდები სვანეთში.
დღეს ვიმყოფები მაალდაშის ტერიტორიაზე. სხვათაშორის აქაურობა უფრო მისტიური ვიზუალობით ხასიათდება, უფრო ვიწროა და უფრო დაბურული. ბოლომდე, ცხადია, ვერ ავაღწიე და იმ იმედით, რომ მზეს დავეწეოდი , გადავუხვიე. ამაო აღმოჩნდა ჩემი მცდელობა, ისევ ჩამასწრო მზემ მზაკვრულად, თუმცა უკვე ვიყავი სამშვიდობოს.
მაალდაშამდე სანამ მოხვალ, ,,ლენჯერი“ ტრაფარეტია დასობილი და იმდენი ნაგავი ყრია, გული შემეკუმშა. ტირილი მომინდა, ისეა დახროვილი ბოთლები და პამპერსები. რა გინდა, რომ ქნა? ამაზრზენია. არ დაყრი, მაგრამ როდემდე არ დაყრი?
კინაღამ ხანძარი გავაჩაღე. ფოთლებს შევუნთე და ავარდა ცეცხლი, წამოიხტა და გაიქცა. იქვე დავიჭირე, მაგრამ ძალიან გაცოცხლდა, ცოტაც და გამექცეოდა. მართალია, ამას ვაზვიადებ მე, მარა მაინც.
მაალდაშის წყალი, ალბათ, შეიცავს რაღაცას, რაც ქვებს ყვითელ ნადებს ადებს. მაინტერესებს, როგორ გავიგო, რა შემადგენლობა აქვს ამ რუს.
პატარა ნაკადული ვიპოვე, ქვის ქვეშიდან გამოდიოდა და გავუფართოვე ასპარეზი ...
2011,12,01
თვალსადახელშუა შემომლევია 12 იანვარი. არადა, დიდი დღე იყო, დიდი. ვინაიდან და რეიზაც 1 თვის იუბილე ჰქონდა ჩვენი ოჯახობის ახალ ზოოწევრს mister Jack Junior the Dog,  იგივე puppy, იგივე ფაფი, სვანურად ფა:ფი. ეს ლეკვი წარმოადგენს უსაყვარლეს არსებას. სძინავს, ჭამს და თამაშობს, მერე ისევ სძინავს, ჭამს და წკავწკავებს ორ შემთხვევაში: თუ სცივა და თუ შია. ახლა ამაყად არის გართხმული ჩემი, უფრო უპრიანი იქნება თუ ვიტყვი, ჩვენი ფეჩის სითბოს სიყვარულში და უყეფს მის სიზმრებში არსებულ ბოროტ ძალთა დასებს.
უსაყვარლესია
***
მმმ, ველოდით დღეს კონცერტს და ყოველგვარი კომენტარის გარეშე, ის უბრალოდ არ იყო.
მე და დალი გავეშურეთ მამულების გასაზომად და ჩვენი ტერიტორიები ფეხით მოვიარეთ უცებ. კი დავიღალე, არადა. ნაკარი, ტვიბი, ნალარი, იცხნდერი, რობი, ლექვერმყი ლაარა ...
არადა მე მსურს ასევე ჩუანეშის ათვისებაც და იქ მუხების ან კაკლების ნერგების განთავსება. დალის ეზარება. არადა, რა კარგი იქნებოდა. წვეტიანი იდეების ნაკლებობას, ცხადია, არ ვუჩივი. მუხა არა ტრუხა.
უჰ, რაღაც კარგი უნდა დამეწერა და რეკლამამ გამიბნია ნამუზარები...
ლაშთხვერის ეკლესიაში ვიყავი, გარედან მოხატულობა ხო ვნახე და ვნახე, სასაფლაოც დავათვალიერე და იქაურობის მცველ ძაღლს თვალში ჩემი სათვალეში არეკლილი ნაზი თვალნი გავუყარე და საკუთარი თავის დიდებულებაში დარწმუნებულმა პირში ჩალაგამოვლებული დავტოვე ერთ-ერთი საფლავის გრანიტის ქვასთან საცოდავად ატუზული. მერე რა ვქენი? ძაღლის შეუმჩნევლად ძაღლისადმივე შიში მივმალე საცხა გულის კუნჭულში და ეკლსიას მიდგმულ რაცხა ნაგებობაში შევაბიჯე. აქ, ძალიან ბევრ ეკლესიას აქვს ასეთი მინაშენები, სადაც ძირითადად სუფრები იშლება ხოლმე. მგონი. ფრიად ჩაუხედავი ვარ მაგ საკითხებში. მოკლედ, შევედი და მივიხედ-მოვიხედე. არაფერი საინტერესო, გარდა ხის პატარა კარის, სიძველის სუნისა და ისეთი განცდისა ემოციების აღძვრა რომ ძალუძთ. მაგრამ რად გინდა? კომუნისტების დროს უშველებელი ბოქლომები რომ მახსოვს, ისეთი ნაცრისფერი მეტალის გირი ჰკიდია ზედ ამ კარებს და ცხადია, რომ ვერ გავაღებ. ღრიჭო ვიპოვე, კაი ბარაქიანი და ვცდილობ აპარატს შევაყოფინო რაიმე ნაწილი მაინც და ჰოი, საოცრება. კარი ოდნავ შეიღო და ჩემი ხელი თამამად შეეტია, აპარატიანად ცხადია. და ჰოი საოცრებავ ... ზღაპრული ფრესკები, სულს რომ შეეხებიან ისეთი თვალებით. გენიოსის ხელმა მოხატა უცილობლივ

***
ზაი ყერი მცაადი, ხოჩა ზაის უ ჯიცაადი
შეშხვამ
2011,14,01
ახალი წელია და მართალი ძველია, მაინც ახალია... სოფელი მთვრალია და ბარბაცებს. სტუმრების მიღების არმოსურნე ხალხი სტუმრადაა წასული. ნინო სად არის? ნამურყვამლა ჰქვია ამ ადგილს და მხოლოდ ერთი მინუსი აქვს. გზასთანაა ნამეტნავად ახლოს. დაე, იყოს. აი, დარდს.
ბაბუაჩემი მახსენდება ჩემს მიერ დანთებულ კოცონთან მჯდომს და მინავლებული ცეცხლიდან აფერფლილი ფიფქები თავსა და ნაფიქრალზე მეფრქვევა. კაი კაცი იყო ბაბუაჩემი, მიყვარდა ... ზამთარში ცივ წყალში ბანაობდა, მდინარეში ... საკუთარი იდეებით ცხოვრობდა ...
მზე მთას ამოეფარა ჩემი საათის მიხედვით ხუთზე, მაგრამ ჯერ მთის წვეროკინებს ხარისხიანად ანათებს. მე დაბალ ზღვის მეტრულზე ვიმყოფები, როგორც უკვე ავღნიშნე ჩემს მიერ დანთებულ კოცონთან, უმშვენიერეს კოწახურის ბუჩქთან და ჩემს პატარა სვანურ ეიფელის მურყვამთან. ეგ რა არის? მაოცებთ თქვენ მე, დაგენაცვლეთ ... რა თქმა უნდა მაღალი ძაბვის რაღაც მეტალოსტრუქტურა.
გაგონილი გექნება, ,, ცვრიან ბალახზეო...“ კი ხო? ეგრეც ვიცოდი, ცხადია. მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე თოვლიან ველზე ფეხშიშველი გავლა. მართალია, სულ ასკინკილით მომიწია, მაგრამ აქვს ხიბლი ასეთი სიცივის შეგრძნებას, როცა თავზე უმშვენიერესი მზე დაგნათის, იქვე სანახევროდ შევსებული მთვარე კონწიალობს, მდინარე ჩქებს და ჩიტი ტკვარცალებს. თოვლს რომ არ ვხედავდე და ნამეტნავად თბილად არ ვიყო გამოწყობილი და თან კვამლი არ მივსებდეს ნესტოებს, აუცილებლივ ვიპოვიდი გაზაფხულის სურნელებას. არადა ზოგიერთი ხე მოტყუებულა და კვირტების ჩანასახები გამოუკვანძავთ თავიანთ ტოტებზე.
ბანგურიანი და თეთნულდი მთლიანად არის განათებული. გარშემო ქვეყნიერებას კი მუქი ფერები ეპარება ნელ-ნელა. რამდენი წელია ვხედავ ამ სურათს და ვერა და ვერ მბეზრდება, სულ მინდა ვუყურო. ხოდა, მეც ვზივარ და ვუყურებ და ვუყურებ.
გუშინ სენტიმენტალიზმი ცუდად შეეხო ჩემი სულის კუთხეებს და ვიღაც-ვიღაცეების დამსახურებით, ფრიად უგუნებოდ გავეშურე სასიზმრეთში. მერე გათენდა ულამაზესი დილა და მე მივხვდი, რომ მშვენიერ განწყობაზე ვიყავი და არაფრის დიდებით გავიფუჭე... კარგ განწყობას კარგი ხელშეწყობა ნდომებია, ჩემო კარგო. ხოდა, გადაყოლილი ვარ თან ისე ვუწყობ ხელსაც, ფეხსაც და საწერ კალამსაც.
2011,19,01
ნათლისღება
და მე მახსენდეა 90-იანი წლების პერიოდი, როცა ჩემმა ერთ-ერთმა მონდომებულმა ნათლიამ და მისმა დამ წამიყვანეს პატარა სამებაში (თუმცა მაშინ დიდი არც იყო) და დამასწრეს წირვას. რა შემემთხვა, არ იკითხავ? ჩემს მანდილს ცეცხლი წაეკიდა ... მაშინ ბევრი ვიცინე ამაზე ...
მაიკოს ველოდები და აგვიანებს. საუკუნეა, არ ვყოფილვარ კაფეში ,,თბილისური“. არადა ჩემი ცხოვრების რამდენი წუთი და წამი გამიტარებია აქ ყავის სმაში, ფილტვების დანახშირებასა და გულითად საუბრებში. და მე ისევ ისე მენატრება ის ადამიანი, რომელმაც ასე უსულგულოდ და უსინდნამუსოდ მიმაიგნორა უკვე რამოდონა ხანია. არადა, რატომ? მე ხომ გული მეტკინა ძალზედ ...
ხოდა ასე.
კაფის ვიტრინიდან ვიმზირები და ვუცქერ ბევრ ხალხს და კიდევ ბევრ მანქანას. ხომ არ მესწავლა მართვა? ჯერ ველოსიპედს ველი, ვერადავერ ჩამოაღწია რაა. თბილისში როდისღა ამობორბლდება.
ჩემი 16დღიანი ოდისეა 17 იანვარს დასრულდა და მას ვუწოდებთ სვლას სვანურ მთათა კალთებზე, ვერა?
მოკლედ, ვისაუბრეთ მე და მაიკომ და ისევ ამოტივტივდნენ წარსული ემოციები. ბოლოსდაბოლოს როდის შევეგუები უმადურობიზმების წინააღმდეგ ბრძოლას. ты как думаешь, а? есть ли у меня каких пибудь шансов? ოჰ, რა უსულგულოდ გააქრო ჩემი ტვინიდან რუსული ენა ჟამთა უწყვეტმა სვლამ ;) არაბულზე რომ აღარაფერი ვთქვა...
собственной персоной ვიმყოფები საზოგადოებრივი ტრანსპორტის 71 ნომერ ყვითლუკაში და მშვენიერი დღით დატკბობას მიბლოკავს ფანჯრის მინაზე აკრული რეკლამა ... ცხენზე შემომჯდარი პეტრე ბაგრატიონის ცაში გაჩრილი ხმალი ... და გინება მომესმა ალლუღათუნ ქართულზე და მეთქი ვინ მიბინძურებს environment-ს და თურმე ბიძაკაცნი, ჭაღარანი. ანუ ენამყრალობას ასაკი არ აქვს.
2011,30,01
დღევანდელი დღის მოხსენიება შეიძლება როგორც იანვრის დასასრულისა. დავიწყე ბრძნული აზრების ფრქვევა და მანდვე გავჩერდი ვინაიდან და რეიზაც ჩემი სამსახურებრივიმოვალეობის შესრულების პასუხისმგებლობამ იმძლავრა და იძალავა ჩემსავე მუზებზე ,,, არადა, თოვლი იყო დღეს,,, თოვლი თეთრი, თოვლი სპეტაკი და თოვლი ალმაცერი ,,, და ის მე მაჩუქეს და მეც მივიღე საჩუქარი, თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო.

No comments:

Post a Comment