Saturday, January 13, 2018

2011 იანვარი III

2011,09,01
ჩემი მობილური გამოსცემს შემდეგ ინფორმაციას - 10:30 Sunday 09/01/2011
რაღაცნაირი დღე იყო, ნაცრისფერი ემოციით დამთავრდა.
2011,10,01
დღესა ამასა ვგონებ ორშაბათი უნდა ერქვას. კარგა ხანია ჩემი დღე თერთმეტი საათის შემდეგ იწყება, ანუ ვტკბები ძილით, სანამ ამის შესაძლებლობა მაქვს.
მაშასადამე ვიმყოფები ზუუსტად 132-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემს მიერ აღმოჩენილ უზარმაზარ ქვაზე და ვაკვირდები მზის ჩასვლას კი არადა თვალს მიფარებას, მას შემდეგ რაც ცეცხლის მინამსგავსი დავანთე ამ ზემორეხსენებულ ქვაზე. მართლაც და დიდზე დიდი ქვა არის და შეგიძლია მასზე თქვა: ,, აქ საიდან გაჩნდი, შე ძალზედ ხავსიანო და ამ მთებივით ბებერო ქვაო?!“ თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ ზემორეხსენებულმა ქვამ დაგდოს პატივი და გაგცეს პასუხი.
ამასობაში ჩემი ცეცხლი მიინავლა და სული შთავბერე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ტკვარცალობს ახლა და ნაპერწლებს მიპაჭუნებს.
ჩავაქრე და სიცივე შემომაჯდა ბეჭებზე, ხელი ცხვირზე ამაფარა და სისხლძარღვებში დატრიალდა. სისხლთან ერთად მიაწოდა სიცივის მოლეკულები ყველა ორგანოს და ტვინმა იკივლა: ,,ფეჩთან მინდა!“ კუჭი აყვა: ,, მემუშავინება და რაიმე გადასამუშავებელი მომაწოდეო!“
არა, რა! არ არის საშველი. ამ ცხოვრებისეული და კუჭნაწლავისეული პრობლემებიდან გამომდინარე, ვეღარ მიგიღია ადამიანს ესთეტიკური სიამოვნება.
2011,11,01
ამინდის პროგნოზმა მამცნო, რომ შემდეგი სამი დღე თბილი ამინდით გამოირჩევა და არ ყინავს. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ აღმოსავლეთში ყინავს. ეს უკვე მეორედ გამომყვა მზიანი ამინდები სვანეთში.
დღეს ვიმყოფები მაალდაშის ტერიტორიაზე. სხვათაშორის აქაურობა უფრო მისტიური ვიზუალობით ხასიათდება, უფრო ვიწროა და უფრო დაბურული. ბოლომდე, ცხადია, ვერ ავაღწიე და იმ იმედით, რომ მზეს დავეწეოდი , გადავუხვიე. ამაო აღმოჩნდა ჩემი მცდელობა, ისევ ჩამასწრო მზემ მზაკვრულად, თუმცა უკვე ვიყავი სამშვიდობოს.
მაალდაშამდე სანამ მოხვალ, ,,ლენჯერი“ ტრაფარეტია დასობილი და იმდენი ნაგავი ყრია, გული შემეკუმშა. ტირილი მომინდა, ისეა დახროვილი ბოთლები და პამპერსები. რა გინდა, რომ ქნა? ამაზრზენია. არ დაყრი, მაგრამ როდემდე არ დაყრი?
კინაღამ ხანძარი გავაჩაღე. ფოთლებს შევუნთე და ავარდა ცეცხლი, წამოიხტა და გაიქცა. იქვე დავიჭირე, მაგრამ ძალიან გაცოცხლდა, ცოტაც და გამექცეოდა. მართალია, ამას ვაზვიადებ მე, მარა მაინც.
მაალდაშის წყალი, ალბათ, შეიცავს რაღაცას, რაც ქვებს ყვითელ ნადებს ადებს. მაინტერესებს, როგორ გავიგო, რა შემადგენლობა აქვს ამ რუს.
პატარა ნაკადული ვიპოვე, ქვის ქვეშიდან გამოდიოდა და გავუფართოვე ასპარეზი ...
2011,12,01
თვალსადახელშუა შემომლევია 12 იანვარი. არადა, დიდი დღე იყო, დიდი. ვინაიდან და რეიზაც 1 თვის იუბილე ჰქონდა ჩვენი ოჯახობის ახალ ზოოწევრს mister Jack Junior the Dog,  იგივე puppy, იგივე ფაფი, სვანურად ფა:ფი. ეს ლეკვი წარმოადგენს უსაყვარლეს არსებას. სძინავს, ჭამს და თამაშობს, მერე ისევ სძინავს, ჭამს და წკავწკავებს ორ შემთხვევაში: თუ სცივა და თუ შია. ახლა ამაყად არის გართხმული ჩემი, უფრო უპრიანი იქნება თუ ვიტყვი, ჩვენი ფეჩის სითბოს სიყვარულში და უყეფს მის სიზმრებში არსებულ ბოროტ ძალთა დასებს.
უსაყვარლესია
***
მმმ, ველოდით დღეს კონცერტს და ყოველგვარი კომენტარის გარეშე, ის უბრალოდ არ იყო.
მე და დალი გავეშურეთ მამულების გასაზომად და ჩვენი ტერიტორიები ფეხით მოვიარეთ უცებ. კი დავიღალე, არადა. ნაკარი, ტვიბი, ნალარი, იცხნდერი, რობი, ლექვერმყი ლაარა ...
არადა მე მსურს ასევე ჩუანეშის ათვისებაც და იქ მუხების ან კაკლების ნერგების განთავსება. დალის ეზარება. არადა, რა კარგი იქნებოდა. წვეტიანი იდეების ნაკლებობას, ცხადია, არ ვუჩივი. მუხა არა ტრუხა.
უჰ, რაღაც კარგი უნდა დამეწერა და რეკლამამ გამიბნია ნამუზარები...
ლაშთხვერის ეკლესიაში ვიყავი, გარედან მოხატულობა ხო ვნახე და ვნახე, სასაფლაოც დავათვალიერე და იქაურობის მცველ ძაღლს თვალში ჩემი სათვალეში არეკლილი ნაზი თვალნი გავუყარე და საკუთარი თავის დიდებულებაში დარწმუნებულმა პირში ჩალაგამოვლებული დავტოვე ერთ-ერთი საფლავის გრანიტის ქვასთან საცოდავად ატუზული. მერე რა ვქენი? ძაღლის შეუმჩნევლად ძაღლისადმივე შიში მივმალე საცხა გულის კუნჭულში და ეკლსიას მიდგმულ რაცხა ნაგებობაში შევაბიჯე. აქ, ძალიან ბევრ ეკლესიას აქვს ასეთი მინაშენები, სადაც ძირითადად სუფრები იშლება ხოლმე. მგონი. ფრიად ჩაუხედავი ვარ მაგ საკითხებში. მოკლედ, შევედი და მივიხედ-მოვიხედე. არაფერი საინტერესო, გარდა ხის პატარა კარის, სიძველის სუნისა და ისეთი განცდისა ემოციების აღძვრა რომ ძალუძთ. მაგრამ რად გინდა? კომუნისტების დროს უშველებელი ბოქლომები რომ მახსოვს, ისეთი ნაცრისფერი მეტალის გირი ჰკიდია ზედ ამ კარებს და ცხადია, რომ ვერ გავაღებ. ღრიჭო ვიპოვე, კაი ბარაქიანი და ვცდილობ აპარატს შევაყოფინო რაიმე ნაწილი მაინც და ჰოი, საოცრება. კარი ოდნავ შეიღო და ჩემი ხელი თამამად შეეტია, აპარატიანად ცხადია. და ჰოი საოცრებავ ... ზღაპრული ფრესკები, სულს რომ შეეხებიან ისეთი თვალებით. გენიოსის ხელმა მოხატა უცილობლივ

***
ზაი ყერი მცაადი, ხოჩა ზაის უ ჯიცაადი
შეშხვამ
2011,14,01
ახალი წელია და მართალი ძველია, მაინც ახალია... სოფელი მთვრალია და ბარბაცებს. სტუმრების მიღების არმოსურნე ხალხი სტუმრადაა წასული. ნინო სად არის? ნამურყვამლა ჰქვია ამ ადგილს და მხოლოდ ერთი მინუსი აქვს. გზასთანაა ნამეტნავად ახლოს. დაე, იყოს. აი, დარდს.
ბაბუაჩემი მახსენდება ჩემს მიერ დანთებულ კოცონთან მჯდომს და მინავლებული ცეცხლიდან აფერფლილი ფიფქები თავსა და ნაფიქრალზე მეფრქვევა. კაი კაცი იყო ბაბუაჩემი, მიყვარდა ... ზამთარში ცივ წყალში ბანაობდა, მდინარეში ... საკუთარი იდეებით ცხოვრობდა ...
მზე მთას ამოეფარა ჩემი საათის მიხედვით ხუთზე, მაგრამ ჯერ მთის წვეროკინებს ხარისხიანად ანათებს. მე დაბალ ზღვის მეტრულზე ვიმყოფები, როგორც უკვე ავღნიშნე ჩემს მიერ დანთებულ კოცონთან, უმშვენიერეს კოწახურის ბუჩქთან და ჩემს პატარა სვანურ ეიფელის მურყვამთან. ეგ რა არის? მაოცებთ თქვენ მე, დაგენაცვლეთ ... რა თქმა უნდა მაღალი ძაბვის რაღაც მეტალოსტრუქტურა.
გაგონილი გექნება, ,, ცვრიან ბალახზეო...“ კი ხო? ეგრეც ვიცოდი, ცხადია. მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე თოვლიან ველზე ფეხშიშველი გავლა. მართალია, სულ ასკინკილით მომიწია, მაგრამ აქვს ხიბლი ასეთი სიცივის შეგრძნებას, როცა თავზე უმშვენიერესი მზე დაგნათის, იქვე სანახევროდ შევსებული მთვარე კონწიალობს, მდინარე ჩქებს და ჩიტი ტკვარცალებს. თოვლს რომ არ ვხედავდე და ნამეტნავად თბილად არ ვიყო გამოწყობილი და თან კვამლი არ მივსებდეს ნესტოებს, აუცილებლივ ვიპოვიდი გაზაფხულის სურნელებას. არადა ზოგიერთი ხე მოტყუებულა და კვირტების ჩანასახები გამოუკვანძავთ თავიანთ ტოტებზე.
ბანგურიანი და თეთნულდი მთლიანად არის განათებული. გარშემო ქვეყნიერებას კი მუქი ფერები ეპარება ნელ-ნელა. რამდენი წელია ვხედავ ამ სურათს და ვერა და ვერ მბეზრდება, სულ მინდა ვუყურო. ხოდა, მეც ვზივარ და ვუყურებ და ვუყურებ.
გუშინ სენტიმენტალიზმი ცუდად შეეხო ჩემი სულის კუთხეებს და ვიღაც-ვიღაცეების დამსახურებით, ფრიად უგუნებოდ გავეშურე სასიზმრეთში. მერე გათენდა ულამაზესი დილა და მე მივხვდი, რომ მშვენიერ განწყობაზე ვიყავი და არაფრის დიდებით გავიფუჭე... კარგ განწყობას კარგი ხელშეწყობა ნდომებია, ჩემო კარგო. ხოდა, გადაყოლილი ვარ თან ისე ვუწყობ ხელსაც, ფეხსაც და საწერ კალამსაც.
2011,19,01
ნათლისღება
და მე მახსენდეა 90-იანი წლების პერიოდი, როცა ჩემმა ერთ-ერთმა მონდომებულმა ნათლიამ და მისმა დამ წამიყვანეს პატარა სამებაში (თუმცა მაშინ დიდი არც იყო) და დამასწრეს წირვას. რა შემემთხვა, არ იკითხავ? ჩემს მანდილს ცეცხლი წაეკიდა ... მაშინ ბევრი ვიცინე ამაზე ...
მაიკოს ველოდები და აგვიანებს. საუკუნეა, არ ვყოფილვარ კაფეში ,,თბილისური“. არადა ჩემი ცხოვრების რამდენი წუთი და წამი გამიტარებია აქ ყავის სმაში, ფილტვების დანახშირებასა და გულითად საუბრებში. და მე ისევ ისე მენატრება ის ადამიანი, რომელმაც ასე უსულგულოდ და უსინდნამუსოდ მიმაიგნორა უკვე რამოდონა ხანია. არადა, რატომ? მე ხომ გული მეტკინა ძალზედ ...
ხოდა ასე.
კაფის ვიტრინიდან ვიმზირები და ვუცქერ ბევრ ხალხს და კიდევ ბევრ მანქანას. ხომ არ მესწავლა მართვა? ჯერ ველოსიპედს ველი, ვერადავერ ჩამოაღწია რაა. თბილისში როდისღა ამობორბლდება.
ჩემი 16დღიანი ოდისეა 17 იანვარს დასრულდა და მას ვუწოდებთ სვლას სვანურ მთათა კალთებზე, ვერა?
მოკლედ, ვისაუბრეთ მე და მაიკომ და ისევ ამოტივტივდნენ წარსული ემოციები. ბოლოსდაბოლოს როდის შევეგუები უმადურობიზმების წინააღმდეგ ბრძოლას. ты как думаешь, а? есть ли у меня каких пибудь шансов? ოჰ, რა უსულგულოდ გააქრო ჩემი ტვინიდან რუსული ენა ჟამთა უწყვეტმა სვლამ ;) არაბულზე რომ აღარაფერი ვთქვა...
собственной персоной ვიმყოფები საზოგადოებრივი ტრანსპორტის 71 ნომერ ყვითლუკაში და მშვენიერი დღით დატკბობას მიბლოკავს ფანჯრის მინაზე აკრული რეკლამა ... ცხენზე შემომჯდარი პეტრე ბაგრატიონის ცაში გაჩრილი ხმალი ... და გინება მომესმა ალლუღათუნ ქართულზე და მეთქი ვინ მიბინძურებს environment-ს და თურმე ბიძაკაცნი, ჭაღარანი. ანუ ენამყრალობას ასაკი არ აქვს.
2011,30,01
დღევანდელი დღის მოხსენიება შეიძლება როგორც იანვრის დასასრულისა. დავიწყე ბრძნული აზრების ფრქვევა და მანდვე გავჩერდი ვინაიდან და რეიზაც ჩემი სამსახურებრივიმოვალეობის შესრულების პასუხისმგებლობამ იმძლავრა და იძალავა ჩემსავე მუზებზე ,,, არადა, თოვლი იყო დღეს,,, თოვლი თეთრი, თოვლი სპეტაკი და თოვლი ალმაცერი ,,, და ის მე მაჩუქეს და მეც მივიღე საჩუქარი, თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო.

Sunday, January 7, 2018

3ნოემბერი1998

მთვარიანი ღამე, საოცრად ლამაზი ცა და მთვარის შუქზე ჩაწერილი სტრიქონები. ისეთი ცაა, დიდი სიამოვნებით რომ გადაუღებდი სურათს.
მთვარის გარშემო ღრუბელია და ზოლებად აქვს მთვარიდან არეკლილი ყვითელი ფერის ცვალებადობა. უბრალოდ, ძალიან ლამაზია.
მთვარის თეთრი დისკო, გარედან ცისფერი ტონი და არშიად შემოვლებული უღიავესი ყვითელი და კიდევ უფრო უღიავესი წითელი. ცა არის ძალიანზე უფრო მუქი ლურჯი, ღრუბლები - ჭუჭყიანი თეთრი.

1997 იანვარი

1997-3- იანვარი
მოვიდა, მოვიდა, მოვიდა ... რა? ახალი წელია, სიმღერებს ვმღერივართ და ვართ ერთ ამბავში. ანუ მოვიდა წელი ახალი.
ახალი წლის ღამეს ანუკის მაგივრად მეკვლედ პუჭურა მოვიდა.
პირველში დაპატიჟების მიუხედავად გავმაზე დაბდღეზე წასვლა ჩემს ჯგუფელებთან ერთად და ნაცვლად ამისა, ჩემს ძვირფას კლასელებთნ ერთდ ვიყავი. მივედი ანუკისთან, მოვიდნენ მანჩო და მაია, წავედით ქართველასთან, მერე ტყუპებთან, მერე პიტიკოსთან და ბოლოს მანჩოსთან.
ორში იმდენადაც რამდენადაც ბედობა იყო, გადავწყვიტეთ კაი პონტის დაბედება ... მანჩოს ათი ლარი ჰქონდა და წავედით ქალაქში ... ლაღიძეში მოვჯექით ... კაი პონტი იყო.
კარგა გემრიელად ვიცინე, ვიცინე და ვიცინე. მერე მოგვინდა ტუალეტში. ვართ რუსთაველზე. წავედით, წავედით და ჩავედით კოლ.მოედნამდე. იქ იდიოტკა ქალმა 40 თეთრად არ შეგვიშვა და ანუკი იძულებული გახდა ვალუტით გადაეხადა. ასე მოვფსით დოლარად.

1997-4- იანვარი

ღამეა, ბნელა, ცივა ,,, არსებობს სამი წერტილი, სამი ძახილის ნიშანი. რა დააშავა სამმა მძიმემ? და აი, მე დავსვი სამი მძიმე ,,, აი, ასე !
ბექა!
გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ ისეთი კარგი დრო გაგეტარებინოს, როგორც მე გავატარე, როცა ვიყავი 16 წლის!
ნინო

1997-5- იანვარი

რა კარგია, როცა პატარა ბავშვებს ელაპარაკები და ისინი პატივისცემით გიყურებენ, რადგან ჰგონიათ, რომ შენ მეტი იცი. და შენც დგახარ და მარიაჟობ. კარგია. მომეწონა ...
დასავლეთ საქართველო წაიღო წვიმამ ... არის მსხვერპლი. შეუნდოთ. ცუდია. ახალი წელი წყალში. ვერაფერს იტყვი, კარგი პრეზენტია და ვერც ვერავინ მოიფიქრებდა რაიმეს უფრო ორიგინალურს თუ არა ის, ვინც ან რამაც მოიფიქრა.

გუშინ მოვიდა პირველი თოვლი და ისეთი სველი იყო, რომ დილას მისი ფინჭილიც აღარსად ჩანდა.

2008 იანვარი


https://drive.google.com/open?id=1k9aSl395GcbK126wtPjfzm2jJ_js6cY1

დადგა 2008 წელი, დადგა ჩვეულებრივ, ექსცესების გარეშე. მე ახალ წელს შევხვდი ბოკალი შამპანით ხელში, მშობლებთან ერთად და მაშასადამე პაპენსიონერსკი. 
მერე?
მერე დღის ორ საათამდე ძილის ფუფუნება, მერე ჯანდარა, მერე თბილისი. ჩემი ძმის დაბადების დღე და სასაფლაოზე ჩატანილი სუფრა. სიცივე, გამყინავი და ძვლების დამზრობი  სიცივე. 
მერე ყოველდღიურობა, თან თოვლი. თბილისისთვის უჩვეულოდ ბევრი თოვლი. 
მერე არჩევნები და მე სად?  დვიჟენიებში და თანაც აბსოლუტურად აპოლიტიკურ დვიჟენიებში. 
და მატარებელი ... ჩუქუჩუქუჩუქუ, დგნ,დგნ, დგნ.
,,სურვილების კარი გამიღე!“ რა შუაშია? ტელევიზორიდან ესმის ჩემს ყურებს. კიდევ რა მესმის? ხვრეპა სუპხარჩოსი, ფხლუპ,ფხლუპ, ფხლუპ, კოვზის ფხაკუნი, ფხლუპ, ფხლუპ. შეგეცი კულტურაში. თან რამხელა მათლაფა უდგას, ამას როდის ამოცლის. ცოლიანია, ,,კალიცოუკეთია. აუწიეთ ტელევიზორს!
სად ვარ?
ზუგდიდში!
ბატონო?
ეგრეა, ეგრე. მატარებელს გამოვყევი აქეთ. ზუგდიდში ვიმყოფებოდი ექვსის ნახევარზე, ღამე. თოვლი, სიცივე და თოვა. სვანების უთავბოლო გრაფიკი მესტიისკენ გამგზავრების მსურველთათვის.
ორი ფინჯანი ყავა უკვე დამილევია. ჩემი ხვრეპია ახლა ხორცს თქვლეფს. ეტყობა სახლში არ აჭმევენ. ვინ მოუსმენს ამის თქლაფუნს. კიდევ კარგი, ტელევიზორი ჩართულია და ცოტას ანელებს. ზუგდიდში სააკაშვილს 74% მისცა ხმა. ზუგდიდიი! ვაშაა! ხვეპია-თქვლეფია წავიდა.
თოვს, თოვს, დამათოვს. ზუგდიდი თეთრია და ცივი კიდევ. კიდევ კარგი ეს სასადილო არსებობს თორე დაევმსგავსებოდი ლოლუას.
ამ ეტაპზე მომბეზრდა წერა.
ისე ზუგდიდი ლამაზი ქალაქია, კოხტა და ამბიციური. ოღონდ, რატომ ვიფიქრე ასე, არ ვიცი. რატომ ამბიციური?
ვაშა! მრავალჟამიერ! არის, ასრულდა ოცნება. მესტიისკენ მიმავალი ტრანსპორტი. სვანი მძღოლის ლიხაჩი ვაჟი მიაჭენებს მერსედესის რაშს სამეგრელოს დანგრეულ ტრასებზე და რაშიც მიჭენაობს, სხვა რა გზა აქვს.
ვიღაც მთვრალი სირი ზის მარშუტკაში და ბლატაობს. სვანი არ არის, ვგონებ. ზუგდიდში კალენდარს ყიდდა კაცი, დაუძახა ამ სირმა და ლუდის ცარიელი ქილა მიაწოდა, გადააგდეო. მეზიზღება ეგეთი როჟები და მომკალი.
მე მინდა მყავდეს მანქანა და ვიცოდე მისი მართვა.
ცა აღარ არის მონაცრისფრო თეთრი, ცა - ცისფერია.
ნეტავ, თოვლი თუა სვანეთში? თუ არ არის და მოვა. მოვა, აბა, სად წავა?
ჯვარი, მეგრელების გაპიწკინებული კარ-მიდამო. იცის ამ ხალხმა თავის თავს პატივისცემა.
გადავჭერით მდინარე მაგანა, საინტერესოდაა განტოტილი.
ამაყად წამომართული პირველი სვანური კოშკი. ადრე აქ გადიოდაო საზღვარი სამეგრელოსთან და ეტყობდა მოხერხებულმა მეგრელებმა ტექნიკურად აახიეს ბრიყვ სვანებს.
სასაფლაო, ბეჟი მიწა. შიგადაშიგ თოვლი. შეიძლება ითქვას, თოვლი არ არის.
მე საინტერესო პრიჩოსკა მაქვს. ორი სასაცილო ნაწნავი შევქმენი ჩემი თხაკიაი თმისაგან და დუბლიონკის კაპიუშონი დავიხურე ძაან ნავაროჩენად. ქართულს იმენა დედა ვუტირე კალკებითა და ჟარგონებით.
იმ ადგილს გავცდი, ზაფხულში სადაც მანქანა გაგვიფუჭდა და სამი საათი გავიჭედეთ. რა დამავიწყებს, მშიერ-მწყურვალი ლამის მოვკვდი მაყვლის ჭამით. ენგურჰესის გადასახვევთან მოხვდა ეგ. დიახ, დიახ.მივუხვიეთ და ნისლიც შეიმჩნა. თოვლის საფარიც მატულობს. ე, ძაღლი. აი, აქ კი ოდესღაც მარმარილოს ამტვრევდნენდა შემდგომ ამუშავებდნენ.
ნისლი სქელდება.
თოვლზე ძაღლის ნაკვალევია.
მიუხვია, მოუხვია, მიუხვია,მოუხვია. გზა არის დაგრეხილი. ხედებს აფუჭებენ სადენები და აწოწილი ლითონის კონსტრუქციები. ვაუ, რამხელა ქვა გადმოგორებულა, ულამაზესია. ცისფერი არის ლაჟვარდისფერი. ცის ნაგლეჯი თეთრი მთის წვეროზე და თეთრი ღრუბლების გარემოცვაში.
არა, არა. ამის ნახვად ღირდა კოშმარი აქ წამოსასვლელად გამოსავლელი. ხუთსაათიანი ვითომ ძილი გაყინულ ვაგონში.
ენგურჰესი არ ვიცი რა ფერია, ლამაზი კია და რაც გინდა ის დაარქვი.
მზე.
გამოანათა.
UN ბლოკპოსტი არის, მაგრამ ცარიელია. ყავისფერი, მუქი მწვანე, ცისფერი და თეთრი. მთები და ხეები, ენგურჰესი, ცა და თოვლი. გზაზე ქვები. ქვისცვენაში მოხვედრა პირდაპირი საგზურია მეორე ცხოვრებაში გადასასვლელად. ქუთუთოები სიმძიმის ქვეშ იხრებიან და იწევიან დასახუჭად, მაგრამ თვალის ირისი ვერ ელევა ამ ფანტასტიკურ სილამაზეს. ვაუ, ცხენები, სქელბეწვიანი ცხენები, არადა ვირები მეგონა.
ენგურჰესს სიღრმეში დაუკლია. ნეტავ, რამდენი წლისაა? იქნება ერთი საუკუნის?
თოვლი ფაქტობრივად არ არის. თბილისში გაცილებით მეტი იყო წამოსვლისას და ზუგდიდშიც, სანამ დადნებოდა, ცხადია.
სადაც მზე არ წვდება, გზა გაყინულია. ამ მალალეტკას იმედზე ვარ? სხვა რა გზაა!
პირველი გვირაბი არც ისე მოკლე აღმოჩნდა, როგორც მახსოვდა. ბნელოდა და სქელი ლოლუები ეკიდა. გავგიჟდი ისეთი ლამაზები, მაგრამ სურათი ვერ გადავუღე, რადგან ისედაც ძლივს მოვხვდი ამ მარშუტკაში, მერე ძლივს დაიძრა და ახლა რომ ვუთხრა გამიჩერე, სურათი უნდა გადავიღო თქო, შეიძლება, დამტოვონ კიდეც!
დავიღალე.
ლითონის კონსტრუქციაში ამაყად ამოშვერილი ხე. ენგურჰესშიც მთლიანად ჩანს ქვა, რომელსაც ზაფხულში მხოლოდ წვერი და ზედ ამოსული ხე უჩანს ხოლმე.
ზამთარში ტყეში ვერ დაიმალები. ყველაფერი ტიტველია, მიწის გარდა.
ერთი მთა რა ძალიან მომწონს!
ეს მოსახვევები მკლავს.
არა,რაა. სადენები ძალიან აფუჭებენ გარეგნულ მხარეს.
საოცარი სითავხედით გადაბმული მაჯის სიმსხო სადენები და არის, ასრულდა ოცნება! ბარჯაშ! და შესვენება. მე რომ მომწონს ის მთა აქედან არ ჩანს. არა უშავს, იქამდე გავსეირნდები.
მაშასადამე, ბრეიკი მორჩა. მივირთვი ნაციონალური კერძი - კუბდარი. კარგი კუბდარი. დავაყოლე არანაციონალური სასმელი - ყავა. კარგი ყავა. და წავედით.
გვირაბები  უნდა დავთვალო.
პატარა თუნუქის კოლოფი, ზედ ჯვარი, შიგნით სანთელი და ჭიქა არყით. ვიღაცის ბოლო ამოსუნთქვა ენგურჰესის მდორე და ძალიან ღრმა წყალში.
გვირაბის გაჭრილ სარკმელში ჩამოღვენთილი ლოლუა. შიგნით ბევრი ლოლუა და დიდი ლოლუა. სტალაქტიდების მსგავსი.
მეხუთე გვირაბი, გრძელი და სარკმელზე ლოლუით. მერე პეიზაჟების ცვლა და უფრო მეტი თოვლი. მოყინული გზა. მეექვსე გვირაბი! თურმე ყველანი ითვლიან გვირაბებს. და სადაა ენგურჰესი? ფაფუ.
მთვრალი მგზავრი ჯაზავს: ,,ამას უნდა ადამიანობა, რომ ეს დაინახო“, მთვრალი სიტყვები. სვანები პასუხობენ: ,,ვიცით, ვიცით!“
 ,, რა იცით თქვენ, სვანები ხართო.“ იცინე, ერო! სვანების მარშუტკაში არასვანი მთვრალი ბლატაობს. სვანები დასტოინად ისმენენ და ითმენენ. მასპინძელი ეხვეწება, გაჩერდიო.
ენგურის ხეობა. ლითონის კონსტრუქციებს ხეები თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ. სიმბიოზი. ყინულშეპარული ენგური. ყინულს მოუკლავს პატარა ჩანჩქერები. მოჭრილი ტოტი, დაგდებული. გავტოპეთ წყალყინულა გუბე ბორბლებით.
სვანებმა გაგვაჩერეს. სვანები სულ ერთმანეთის ნაცნობები არიან. ჩემს მარშუტკაშიც ნახეს ნაცნობი. თანამგზავრები შევიძინეთ. ხაიშამდე გვიჭირს, მაგრამ სვანების მარშუტკაა და ყველა დაეტევა. სვანი სვანის კალთაში.
მორებით დატვირთული დიდი მანქანა და ბევრი მოკლული ხე.
ენგურზე გადებული მოქანავე ხიდი. აი, ამაზე კი არ გავივლიდი.
ენგური დათხელებული და დადინჯებული. ენგური მწვანე. რეალურად არასწორი ფერია, მაგრამ მწირი მაქვს ფერთა ლექსიკონი. გადავდივართ ენგურზე გადებულ ხიდზე. მდინარე დაიკარგა. დამარხულია. გზა კაი გაზრიპინებულია ჩემმა მზემ.
კიდევ ერთი მოქანავე ხიდი. უფრო განიერი და უფრო კეთილმოწყობილი. ენგურის პირას სახლი.
მთვრალი ახმაურდა. ბორბალი გასრიალდა. ახალამოსულ სვანს მოთმინების ძაფი არც აქვს, რომ გაუწყდეს.
ხაიშში შევჩერდით. ვიღაცები საუბრობენ, ყუთი უნდათ. მართალია, ზუგდიდიდან მოგვაქვს. რაღაც გაუგებრობაა. აჰაა, ყუთს მოაკითხეს. აქ ვაზი ხარობს. ვიღაცას სურს, რომ შეგვემატოს. ლენჯერამდე. ამოდი!. სვანები! ოჰ, ეს სვანები! ამოგვქოლეს უკანა რიგების წარმომადგენლები. ზურაბი მგონია თავი და მარშურკა კიდევ სურამის ციხე.
არასვანი აპროტესტებს მთვრალურად.
ახლა მთავარია, ბორბალი არ გასრიალდეს. უჰ, რა ახლოა კიდესთან და იქიდან კიდევ ენგურთან.
წვეტიანი მთა გამოჩნდა.
ხაიში დავტოვეთ შვიდბით.
ენგურის ჩრდილიღაა დარჩენილი.
მასპინძელს ნერვები აეწეწა.
ახალფეხადგმული ტყე. ხიდი. ენგური მეორე მხარეს აღმოჩნდა. ჩემს მხარეს კლდეა. უტყვი, უძრავი. შიგადაშიგ ლოლუებჩამოშვებული. საახალწლოდ მოირთო ეტყობა. ქვათაცვენის სცენა. ტუტუცები, აქ ხის მოჭრა როგორ შეიძლება. კიდევ ერთი გვირაბი. მეშვიდე. ძალიან ლამაზი ადგილი იყო, ყინულში ნაქანდაკევი.
ირმის რქას მივამსგავსე მოჭრილი ხის კუნძი, ქორბუდა ირმის. ტყე, თოვლი, ხავსი, ქვები, სიმწვანე, სითეთრე. ქვაში გამოსახული ლოლუა. პაწაწინა ნაძვები. თოვლი ციმციმებს. ჩაიყინა ჩანჩქერი.
ზოგჯერ უბრალოდ მოინდომებ და მერე აისრულებ. ზუმდმა..
ყოყოჩად წამოჭიმული კლდე. ჭანჭყარი და შუბლი ვხეთქე.
დიდი სახლი, დიდი ეზო და სასაფლაო ეზოში. ლოლუების ფარდები. ქვების სკვერი.
გოროზი სვანი ნებიერად მიირთმევს ლუდს თუნუქის ქილიდან და ამაყად გადაბმული წარბების ქვემოდან გამგმირავი მზერით შეჰყურებს მთვრალს და დატკეპნილი ტონით ეუბნება მასპინძელს: ,, ჯობია დამიჯეროს მაგან, ჯობია!“
მასპინძელს არაფერი გამოსდის, არც დამუნათება, არც დამუქრება და არც მოქრთამვა: კუბდარს დავაცხობინებ, კაი?
ლოლუები მთიშავენ.
მჟავე წყალი იყინება? მაი იირა მიზეზ.
თვალებმა თვითონ მოძებნეს გამოსავალი. ძილი თავისას ითხოვს. არადა, ამას ფართოდ გახელილი თვალებით დეტალურად უნდა უყურო, ოღონდაც მეტი არ ძალმიძს.
2008 – 7 - იანვარი
დღეს შობაა და სუფრა გვაქვს. ქოოთფაანედ. პატარა კუხნოოლში სოლში დარჩენილი ყველა მამრობითი წარომადგენელი (პაჩტი) შემოეტია, დაილოცა და დასტოვა.
მე და ზურიკა სატასაოდ ვიყავით. თოვლში ჩავეფალით გემოზე. სურათები გადავიღეთ და ელემენტებიც დამეცალა. ამ ელემენტებმა ტვინი შემიჭამეს, ვაჰ!
2008 -18 - იანვარ
ნათლისღების ღამე დგება. სვანებს დღეს საინტერესო ტრადიცია აქვთ. სულები მობრძანდებიან დღეს და მათთვის სუფრა მზადდება ყველა ოჯახში, რადგან ყველა ოჯახს ჰყავს სული, რომელიც დღეს მობრძანდება და ორშაბათამდე დარჩება აქ. ჯობია, რომ ეს ადრე გარდაცვლილთა სულები იყოს. დღესვე მზადდება ლამპრები, ცოცხლებისთვის და გარდაცვლილთათვის. გასახმობად ღუმელთან დებენ და მერე დაანთებენ ლამპრობის დროს. აქ კაცების კულტია, ქალებს ლამპარი არ სჭირდებათ.
მე?
მე თვითკმაყოფილი ფანტასტიური სანახაობის ხილვით და წინასწარიი დეპრესიული განწყობით, რომ უნდა წავიდე დიდ და ცივ ქალაქში, სადაც ჩემს თავს ვკარგავ.. თუმცა დღეს დამირეკა ჩემმა ბოვშვმა და მივხვდი, რომ მომნატრებია, შენი გზა და ბილიკები მომნატრებია ... ესეც სიმღერა! ჩემი ბავშვები მელიან, ჩემი მეგობრები მელიან, ჩემი ოთახი მელის.
აქ კი მთებია, თოვლიანი, უთოვლო, ტყიანი და უტყეო. ახლა მთვარიანი ღამეა, ყველაფერი კარგად ჩანს. ულამაზესია, თოვლიანი სახურავი, გამოჩრილი ლოლუა, ხეებზე შერჩენილი მოყინული ფოთლები და სვანურად წამოჭიმული სვანური კოშკები.
სვანეთი ულამაზესია.
უფრო ლამაზი ზამთარში ყოფილა. თეთრად გადაპენტილი სიამაყე იგრძნობა ყველა ქვაში, ყველა ხეში, მოსახვევში, ყველგან.. ახლა თოვლი შეურაცხყოფილია, აღარ არის თეთრი და სპეტაკი.

ჩემი სახლის უკან ნათლისმცემლის ეკლესიის ნანგრევებია. კარგი იქნებოდა მისი აღდგენა. ზოგ კოშკს სახურავი ანგრევია. გადასახურია. მინდა, ყველამ ნახოს ეს სილამაზე. კიდევ მინდა ელემენტები. რატომ? დამიჯდა მაგათი დედაც, ჯეკ. 

Saturday, January 6, 2018

2011 იანვარი II

2011,02,01
2011 წლის დღე მეორე. როგორც ამბობენ დღეს არისო ბედობა თუ რაღაც მაგდაგვარი და რომ იცოდე, რა მშვენიერი ამინდი ადგას თავს ამ სიმშვენიერეს, გაიფიქრებ, ამისთანა ამინდი დამებედოს, მაგას რამ უნდა აჯობოსო. ხოდა, მაშინ მე შემოგთავაზებ, რამ უნდა აჯობოს. ყოფნამ  სულ ზევით, მაღლა და მაღლა ,,, აი, როგორც მე ვარ ახლა ზამთრის მზით გამთბარ ქვაზე მოკალათებული დათოვლილი ხეების გარემოცვაში და ამ დღის სიყვარულში. ისეთი განწყობა დამუფლებია, ქე რომ გინდა ყველას გააგებინო:















ნახე, რა ლამაზი დღეა;
ნახე, რა დიდებული კლდეა;
ნახე, რა საოცარი მზეა;
ნახე რა ბრჭყვიალა ხეა,
ნახე რა გოროზი ტყეა ,,, და ასე შემდეგ,,
გეუბნები , მუზები მაზიან ყურებზე...
წავედი ახლა, დავეშვი კოშკებისკენ.



2011,03,01

2011 წლის დღე მესამე ჩემთვის 11 საათზე დაიწყო და სანამ ავლაგდი და გადმოვბარგდი სამი საბნის ქვეშიდან, კი გავიდა ნახევარი საათი. დილის საუზმე რძისგან შედგებოდა ამ დილას. მერე შორენა მესტუმრა და სანამ ყავა ჩავცეცხლე, კიდო გავიდა ორი საათი. გახდა სამი საათი და მე გავუდექი თხვეელიშის აღმართს. 



ვიარე და ვიარე. ბევრი ვიარე. მერე წყალი ორად გაიყო და მე მარჯვენა შენაკადს გავყევი. ვიარე და ვიარე. იმდენი ვიარე, რომ მერე ჩემი ფეხები თავისით მოძრაობდნენ. ინერციით. უცებ, რას ხედავენ თვალნი ჩემნი: წყალი უბრალოდ გაქრა, თავის ადგილას კი ღრმა ნაკვალევი დატოვა. 


მე იხტიბარი არ გავიტეხე და სვლა გავაგრძელე ზევით და ზევით. არადა არ დამთავრდა ეს ჩამოკიდებული აღმართი. საბოლოოდ, ვერ ავედი, მზემ მიღალატა, უცებ ჩავიდა და თავპირისმტვრევით და სრიალით და სირბილით და კუნთების ძაბვით ჩამოვეკიდე ამჯერად უკვე დაღმართებს. 
ბილიკი ვიპოვე, ტყეში შედიოდა. წარმოვიდგინე გატიტვლებულ ტყეში ჩამალული სხვადასხვა არსებათა ანთებული თვალები და ... 
ბილიკს დავადექი. მთიული ვარ მე და დედა მყავს სვანი, რანაირად დამეხია უკან? ულამაზესი იყო ტყეში თეთრად ჩაკარგული ბილიკი, ზოგან ყავისფერი ფოთლების ხალიჩით მოფენილი. ღირდა იქ გავლა, თუნდაც რისკის ფასად. უცებ, მეორე სათავეს არ მივადექი? თან როგორ მწყუროდა... 
შებინდებულზე ვიყავი ხიდზე... 
დაღლილი, გასავათებული და სრულიად კმაყოფილი.
რა უმსგავსოდ მატყუარა აღმართი იყო. სასტიკი, ციცაბო და ცრუ.


2011,05.01

შორ მანძილზე სასიარულოდ ფეხის კუნთები ვერ დავიყოლიე და აქვე ახლოს გავისეირნე. ჩემი ბავშვობის ზაფხულები ამ ღელესთან  გატარებული გავიხსენე და ვიღაცის ღობეს გადავაბიჯე. მთელი ბავშვობა აქ დავდიოდი და ჰოი საოცრებავ, ეს ნანგრევი ახლაღა შევნიშნე. ხოდა ამოვცოცდი აქ, ამ ნაკოშკარის სიყვარულში და ვტკბები ფანტასტიური ხედით. ქვევით ცხენია, რაღაცას ძოვს, ოღონდ, ვერაფრით გამიგია რას. მოკლედ, ძალიან ამაოა ყველაფერი. მე, ფრიად პატივცემული არსება, ამაყად ვარ მოკალათებული ჩემი წინაპრების ნაოფლარზე და გარს ასკილის ეკლიანი ტოტები მახვევია. ეგენიღა იცავენ აქაურობას.
2011 წლის დღე მეხუთე ფრიად მისტიურად გამოიყურება. მზე ისეთ დისკოს წარმოადგენს, თვალდაუხამხამებლად რომ შეგიძლია უცქირო და უცქირო ( არადა ეკაიფოს დაწერა მინდოდა და ვერ შევკადრე)

დაშვება ფრიად წარმატებუილად განვახორციელე. აჩხავლდა ყვავი , აყვა მეორე. ნანგრევი ჩამომცქერის ზემოდან და თავის თავზე ვერაფერს მიყვება.










2011,06,01
6 იანვარი, შობის წინა დღე თოვლიანი დილით გათენდა. ძალიან ლამაზია თოვლის ფენა, ბრჭყვიალებს. ბავშვობის მერე არ მინახავს თოვა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მახსოვს.
დღეს დალისთან ერთად წავედი მესტიაში და სავარაუდოდ 15 კილომეტრი ვაბიჯე. მესტია ლამაზია? ჩემთა თვალთათვის მხოლოდ მისი ნაწილები გამოიყურება საინტერესოდ. კოშკიანი ადგილები. ისე სეტი ნამეტნავად არის შელამაზებული, სვანური სიღნაღის ელფერი დაკრავს.


Tuesday, January 2, 2018

2011 იანვარი I

2011,01,01
მოვიდა და დადგა ამ საუკუნის მორიგი წელი. 
მოვიდა ჩუმად და უხმაუროდ.
სვანურ მთებს ოდნავ და სიმბოლურად დაათოვა.
მოგანიჭა ფანტასტიკური შეგრძნება კარის გაღებისას სითეთრის შემოფეთებისა.
ხოდა, მე ის შევიგრძენი. 
სიცივემ ცხვირის წვეროკინა ამიწვა და გულთბილი ფეჩისკენ მიბიძგა. დილის საუზმე და საახალწლო პროგრამები მივირთვი უზმოზე და წინა დღით (შარშან) მიღებული გადაწყვეტილება არ გადავთქვი. უბრალოდ, შევიკაზმე შეძლებისდაგვარად თბილად და ჩავუყევი ოდნავ დათოვლილ დაღმართს ჩემი მდინარის მოსანახულებლად. ის ისევ იქ დამხვდა და ყოველთვის იქ დამხვდება. იცის, რომ მიყვარს და იცის, რომ უმისოდ რაღაც მაკლია, და ერთგულად მიედინება თავის ჩვეულ კალაპოტში მისთვის და ჩემთვის. ლურჯად ანკარა და უკანდახეული, მაინც მჩქეფარე და მაინც გოროზი. მიყვარს ჩემი მდინარე მე... კამკამა იყო დღეს და კენჭებამდე გაშიშვლებული.













ჩემი ფოტოაპარატით შეიარაღებულმა ვინადირე საინტერესო კადრებზე და მოვისმინე ვიღაც როგორ ცდილობდა ამ ახალ წელიწადს რომელიმე ცხოველისთვის მოესწრაფა სიცოცხლე. იმედია, არ გაუმართლა.

ხოდა ასე იყო ჩემო გენაცვალე. რაღა თქმა უნდა , ტრადიციულად დამიჯდა ელემენტები და მსვლელობა პირდაპირი მიმართულებით შევცვალე მიმართულებით ზევით და ზევით. საბოლოოდ ამოვბრძანდი ზუსტად 131-ე კილომეტრზე და ის წუთი იყო, რომ უნდა გამეაზრებინა შემდეგი რამ: ,,აუფ, რა შორს წამოვსულვარ, კაი ერთი საათი დამჭირდება შინ მისაღწევად თქო“... და ჰოი საოცრება ... ხაკისფერმა ,,police’’ წარწერიანმა პიკაპმა გვერდზე ჩამიშხუილა და საბურავის წრიპინით სვლა ჯერ შეანელა, მერე უკან მოგორდა. დაინტერესდა ამ უცნაური ობიექტით ანუ მეთი. მე კი ფრიად საინტერესოდ გამოვიყურები ამ დროს: ზოლიან რეზინის ბოტებში ჩატანიებული შავი შარვალი, ზემოდან დათბილული თბილი საწვიმარი, მწვანე ფერებში გადაწყვეტილი სასაცილო ქუდი და კაშნე. ქუდში გარჭობილი ძახველის კუნწულები და ხელში ძახველისავე ტოტები. ჩემი ფიზიონომია, რომელზეც ასახულია საკმაოდ მაღალი ხიდან ჩემთვის სასურველი ნაყოფის ხელში ჩაგდების მოპოვების უნარით აღტაცებული ღიმილი. თან გულიანად შევექცევი ტყის ნობათს, ვიკლავ რა კუჭის სიღრმიდან შემოტეული შიმშილის შეგრძნების სიმპტომებს. 
ხაკისფერი და გოროზი შესახედაობის პიკაპი მომიახლოვდა და დაბურული მინა ჩამოიწია. შიგნიდან არც თუ ისე გოროზი შესახედაობის ვინმე ადამიანი მიმზერს (როგორც უცხო პლანეტიდან მის გამოსაცდელად მოვლენილს) და მეკითხება იქით მივდივარ თუ არა. ცხადია მივდივარ და ვათავსებ ჩემს საინტერესო პერსონას მძღოლის გვერდზე. პიკაპი თავქუდმოგლეჯით იწყებს სვლას ,,, ხოხ ,,, მარცხენა თვალის კუთხიდან ვხედავ რაღაც ფიშტოს, შავია, სულ შავი და მომაკვდინელად ლამაზი. 
ა, მიყურე ახლა მე! 
ძირს იარაღი! 
ჩემმა ახლადშეძენილმა მძღოლმა მეორე მხარეზე გადაიტანა მეტალის ეს შედევრი და მუსიკას აუწია. დუმცუკდუმცუკი გადმოიღვარა პიკაპის დაბურული მინებიდან ,,, და ჩემი კოშკებიც გამოჩნდა. ჩამოვედი მანქანიდან და დიდად კმაყოფილი, ოღონდ თავად არ ვიცი რით, დავუყევი სოფლის დაღმართს. სოფლის, რომლის ყველა კენჭი მიყვარს მე.

Tuesday, May 29, 2012

2+2 არ = 5

დრო მიდის, ყველაფერი აჩქარებულია. გარშემო ამბები ხდება. მე 21-ე საუკუნეში ვცხოვრობ, თუ რაც ჰქვია იმას ყველაფერს, რასაც მე პირადად ცხოვრებას ვეძახი (ეჭვი მაქვს, ვცდები). რატომ ვახსენე 21-ე და ერთი მარტივი მიზეზის გამო: მე ვერ ვგრძნობ იმას, რომ ჩემი ქვეყანა მანდ იმყოფება მენტალურად. ან შეიძლება ამას ჰქონდეს სხვაგვარი ახსნა: მე ჩამოვრჩი მოვლენების განვითარებას და ვეერაფერიც ვეღარ გამიგია. ჩემი პატივცემული ბლოგიზა კი შემირქმევია სათანადო სახელი, ვერაფერს დაუწუნებ. ჩემს გარშემო შავბნელი, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებული ელექტროენერგიით განათებული 90-იანების მძიმე ოხშივარი მეგრძნობინება. თუმცა ვცრუობ, მაშინ უფრო მშვიდად და თამამად შემეძლო, თანაც ჩემს სიტყვებში ღრმად დარწმუნებულს განმეცხადებინა ყველგან და ყოველთვის: ამ ჩემს დემოკრატიულ საქართველოში რასაც მინდა და როცა მინდა, მაშინ ვიტყვი-თქო. მაააგრამ ,,, ნურას უკაცრავად. აბა ერთი კარგად დაფიქრდი და კარგად აწონ-და-მერე-კიდევ-დაწონ-და-მერე-კიდევ-აწონ-და-მერე-კიდევ-დაწონე:ემანდ, შენს სიტყვებს ვინმე შენი ახლობელი არ გადააყოლონ. მოკლედ, აი რაღაცნაირი, სრულიად საცოდავი ადამიანის თუ ადამიანის მსგავსი არსების გამოსახულება მაქვს და მე მეცოდება ჩემი თავი.რატომ???რომ უნდა ვიფრთხილო, რომ უნდა დავაკვირდე, რომ უნდა ჭადრაკის თამაშივით ავაწყო ლაპარაკის შემდეგი სტრატეგია, რომ უნდა განვჭვრიტო, რას გამოიწვევს ეს ყველაფერი. და მერე მე მშურს დიოგენესი და მე ვწუხვარ, რომ მე ის არ ვარ და რომ მე არ შემიძლია კასრში ჩასახლებულმა ზემდგომ სასტავს ვაუწყო: ,,ერთი, შენ შემოგევლე, მზეს ნუ მიჩრდილავ, რაა!'' და მაინც,,, ღრმად მწამს და მჯერა 2+2 არ = 5 (ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით მაინც)